ჰოთსეილ.ჯი
„ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო“ არის Hotsale.ge-ს პროექტი, რომელზე მუშაობაც 2022 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის საქართველოს უცნობი ადგილების გაცნობა და მათი პოპულარიზაცია, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.
„ერთად აღმოვაჩინოთ საქართველოს“ საკმაოდ კომპლექსური სახე აქვს და აერთიანებს ტელესიუჟეტებს, სტატიებს, პოსტებსა და გათამაშებებს, რითაც ხდება საზოგადოების ყველა თაობის ყურადღების მიპყრობა.
პროექტს ორი ძირითადი ამოცანა აქვს:
- ადგილობრივი თემების ეკონომიკური ხელშეწყობა – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარული ქვეყანაა, მაინც მრავლადაა დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილები, რომლებიც მცირედი ხელშეწყობით შეიძლება საკმაოდ შემოსავლიანად იქცეს, იქ არსებული ბიზნესწამოწყებები კი – შემოსავლის წყაროდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
- საზოგადოებაში ცნობადობის გაზრდა – პროექტის საგანმანათლებლო მხარე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაში, თემებში არსებული უნიკალური ცოდნის შესანახად, დასაცავად და გასავრცელებლად.
პროექტის ფარგლებში თავდაპირველად საზოგადოებაში ვრცელდება კონკრეტული, უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი იქ არსებულ ადგილობრივ ბიზნესებს საშუალება აქვთ პროექტთან თანამშრომლობით სრულიად უფასოდ დაუკავშირდნენ სამიზნე აუდიტორიას.
რამდენიმე ტელევიზიასთან თანამშრომლობით იქმნება სიუჟეტები საზოგადოებისთვის უცნობ, საინტერესო ადგილებზე და იმავე რეგიონში რომელიმე მცირე ბიზნესის შესახებ.
Hotsale.ge-ს ვებგვერდზე, რომელსაც 320 000 ვიზიტორი ჰყავს, ყოველთვიურად ქვეყნდება სტატია საქართველოს კურორტებისა და იქ არსებული მცირე ბიზნესის შესახებ.
ზაფხულის განმავლობაში პროექტის facebook-გვერდზე იდებოდა შემოქმედებითი პოსტები საქართველოს რომელიმე კუთხეში მდებარე ტურისტული ადგილის შესახებ, მომხმარებელს კი კომენტარებში ადგილმდებარეობის გამოცნობას ვთხოვდით. პოსტების საშუალო ჩართულობა 50 000-80 000-ია. ტესტებს საშუალოდ 2000-მდე ადამიანი ავსებს.
აქტივობების დაწყების შემდეგ 30%-ით გაიზარდა რეგიონებში არსებული კომპანიების დაინტერესება პროექტთან თანამშრომლობით.
2022 წლის ივლისში, ჩვენი ვებგვერდით, ადგილობრივ ბიზნესის მიერ მიღებული ჯავშნების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა.