რისი წარდგენა შეიძლება საკონკურსოდ
საკონკურსოდ წარდგენილი პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები უნდა იყოს განხორციელებული 2023 წელს. პროექტი შესაძლებელია იყოს დასრულებული, ან იმყოფებოდეს განხორციელების ისეთ ეტაპზე, როდესაც შედეგების ნაწილი უკვე მიღწეულია, დანარჩენი კი აშკარად იკვეთება.
თუ წარდგენილი პროგრამა ან პროექტი 2023 წლამდე დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კომპანიამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, თუ როდის დაიწყო პროგრამა/პროექტი, რა ეტაპზეა ამჟამად, რა აქტივობები განხორციელდა და რა კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ პერიოდში (2023 წლის განმავლობაში).
განაცხადში აღწერილი აქტივობები უნდა სცდებოდეს იმ აქტივობების ფარგლებს, რომელთა შესრულებაც კომპანიას კანონმდებლობით მოეთხოვება ან რომლებიც მხოლოდ კომპანიის ბიზნეს საქმიანობას ასახავს. წარდგენილი პროექტი/ინიციატივა უნდა ერგებოდეს კონკურსის კატეგორიებს და ასახავდეს კომპანიის პასუხისმგებელ ქმედებებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა მიღმა.
საქართველოში მოქმედმა მულტინაციონალურმა კომპანიებმა უნდა შეძლონ არა მხოლოდ გლობალური სტრატეგიის შესრულების, არამედ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული თვალსაჩინო ინიციატივებისა და აქტიური ძალისხმევის ჩვენება; შეფასების პროცესში ყურადღება მიექცევა გლობალური სტრატეგიის ქართული რეალობისათვის მორგებას და ადგილობრივი აქტივობების ხარისხს.