კონკურსის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეხუთედ ატარებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. კონკურსი ტარდება „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერები და პარტნიორები აგრეთვე არიან საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს.
კონკურსი Meliora ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ბიზნესის პასუხისმგებლობას. ეს ტენდენცია ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოშიც. შესაბამისად, კომპანიებს უწევთ საკუთარ საქმიანობაში ახლებური, პასუხისმგებელი მიდგომების დანერგვა.
ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ევროკავშირსა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომლის მიზნებია: საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის პრინციპები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის; საუკეთესო CSR-პროექტებისათვის ყურადღების მიპყრობა; დაბოლოს, იმის წარმოჩენა, რომ პასუხისმგებელი ბიზნესი - სასიკეთო ცვლილებების ეს მამოძრავებელი ძალა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისა და გარემოს გაჯანსაღებას, საბოლოოდ იძლევა გრძელვადიან ფინანსურ სარგებელს და არის მდგრადი, მოწინავე და წარმატებული ბიზნესი.
კონკურსის მრავალფეროვანი კატეგორიები მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერი ზომის კომპანიებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობით წარმართავენ და ზრუნავენ თავიანთი თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მომწოდებლების კეთილდღეობაზე, ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაზე.
მდგრადი და პასუხისმგებელი ბიზნესის ყველა სფეროს თვალსაჩინო მაგალითების გაზიარებით, კონკურსი მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსაც შეუძლიათ განახორციელონ წარმატებული CSR-პროექტები და სარგებელი მოუტანონ გარემოს და საზოგადოებას, საკუთარი საქმიანობის სფეროებისა და მასშტაბების შესაბამისი პასუხისმგებელი ბიზნესმიდგომების დანერგვით.
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესოებს CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით. ინვესტირებული თანხების ოდენობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეფასების გადამწყვეტი კრიტერიუმი.