განაცხადის მომზადებას საკმაო დრო სჭირდება, თქვენ კი სამსახურში უამრავი სხვა საქმეც გაქვთ. ამიტომ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და, სულ ცოტა, 3-კვირიანი ვადა განსაზღვრეთ ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად.
ყურადღებით წაიკითხეთ „განმცხადებლის სახელმძღვანელო“ და განაცხადის ფორმებში წარმოდგენილი ინსტრუქციები, აგრეთვე გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს და შეეცადეთ განაცხადის ფორმის შევსებისას ამ კრიტერიუმებითა და ინსტრუქციებით იხელმძღვანელოთ.
ეს არ არის სავალდებულო პროცედურა, თუმცა გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ღირებული რეკომენდაციები კონკურსის ორგანიზატორებისაგან და პასუხები თქვენს კითხვებზე.
შეატყობინეთ კომპანიის ხელმძღვანელობას კონკურსის შესახებ - თქვენ დაგჭირდებათ მათი თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ალბათ გახსოვთ, განაცხადის ფორმა მოითხოვს კომპანიის დირექტორის (ან შესაბამისი თანამდებობის პირის) ციტირებას პასუხისმგებელი ბიზნესის მნიშვნელობის შესახებ. დროულად მოსთხოვეთ თქვენს დირექტორს ამ გამონათქვამის მოწოდება, რომ არ დაგაგვიანდეთ. ეს არ არის სავალდებულო, თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში, თქვენს დირექტორს ალბათ გაუხარდება, როცა მისი სიტყვები გამოქვეყნდება კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციაში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, გუნდურ მუშაობას და თანამშრომლობას გულისხმობს. გააგებინეთ თქვენს კოლეგებს, რომ საკონკურსო განაცხადს ამზადებთ და მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა; მათ შეუძლიათ ფასეული ინფორმაცია მოგაწოდონ განაცხადის შესავსებად.
ჟიურის წევრებმა უნდა წაიკითხონ უამრავი განაცხადი. შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი და ციფრი გქონდეთ მოყვანილი თქვენს განაცხადში, მაგრამ აუცილებელია გამოკვეთოთ და ხაზი გაუსვათ საუკეთესო ნაწილს. სწორედ ამისთვისაა პროექტის რეზიუმე. მოკლედ და შეჯამებულად წარმოადგინეთ რეზიუმეში თქვენი პროექტის ძირითადი მიღწევები და შედეგები - ამით თავიდანვე მიიპყრობთ ჟიურის ყურადღებას. წერისას გაითვალისწინეთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პროექტის რეზიუმე გამოქვეყნდება კონკურსის ვებგვერდსა და სხვა საინფორმაციო მასალებში.
თუ თქვენ წარმოადგენთ დიდ და ცნობილ ორგანიზაციას, ნუ იფიქრებთ, რომ ჟიურის წევრებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობის, ბიზნესის და პროდუქტების შესახებ - განაცხადში შეიტანეთ სრული და დეტალური ინფორმაცია. შედარებით პატარა, ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციები ზოგჯერ ბევრად უფრო დეტალურ განაცხადს წარადგენენ, სადაც მოცემულია სრულფასოვანი ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, რაც მათი ობიექტურად შეფასების საშუალებას იძლევა.
დასმულ შეკითხვებს უპასუხეთ ისე, რომ არ გადაუხვიოთ შეკითხვის არსს და არ მოგვაწოდოთ მეორეხარისხოვანი, არაარსებითი ინფორმაცია. ასევე გახსოვდეთ: თუ განაცხადის ფორმაში დასმულ ყველა კითხვას თანაბრად დეტალურ და ამომწურავ პასუხს ვერ სცემთ, ეს არ ნიშნავს, რომ განაცხადი არ უნდა შემოიტანოთ; წარმოადგინეთ ის ინფორმაცია, რაც თქვენს ხელთაა, იმდენი, რამდენსაც მიიჩნევთ საკმარისად ჟიურის წევრების დასარწმუნებლად და თქვენი პროექტის ძლიერი მხარეების წარმოსაჩენად.
შესაძლოა თქვენი პროექტი იყოს ბრწყინვალე, მაგრამ ჟიურის წევრები მხოლოდ თქვენს სიტყვებს ვერ ენდობიან. წარმოადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები (ფაქტები, ციფრები, სტატისტიკური მასალები, სარეკომენდაციო წერილები) თქვენი მონათხრობის საილუსტრაციოდ. შეგიძლიათ განაცხადს დაურთოთ ფოტომასალა, დიაგრამები და ანგარიშები. ფოტომასალა დაგეხმარებათ ისტორიის გაცოცხლებაში, ხოლო როცა საქმე ეხება კომპლექსურ პროცესებს და სტრუქტურებს, ცხრილი ან დიაგრამა ბევრად გაამარტივებს ინფორმაციის აღქმას. მნიშვნელოვანია, რომ „თანდართული მასალა“ განაცხადში მოტანილ ინფორმაციას კი არ ანაცვლებდეს, არამედ ამყარებდეს.
მნიშვნელოვანია წარმოადგინოთ არა მხოლოდ ის, რაც გაკეთდა პროექტის ფარგლებში, არამედ ის შედეგები და გავლენა, რაც პროექტის განხორციელებას მოჰყვა. უნდა აჩვენოთ მყარი მტკიცებულებები (ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები) იმ სიკეთისა, რაც პროექტმა მოუტანა საზოგადოებასა და გარემოს, ასევე - თქვენს კომპანიას. წარმოადგინეთ მონაცემები პროექტამდე და პროექტის შემდგომი ვითარების შესახებ, აჩვენეთ ცვლილება, მოიხმეთ იმ ადამიანთა გამონათქვამები, ვისაც სარგებლობა მოუტანა თქვენმა საქმიანობამ.
ეს კითხვა დასმულია ყველა კატეგორიის განაცხადის ფორმაში. ამით ჟიურის წარმოდგენა უნდა შეექმნას კომპანიის ზოგად დამოკიდებულებაზე სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ, კომპანიაში არსებულ CSR-კულტურაზე. შემფასებლებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რა კავშირია საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტსა და კომპანიის ზოგად CSR-სტრატეგიას შორის.
გამოიყენეთ მიღებული გამოცდილება და გამოხმაურება - ეს დაგეხმარებათ, რომ გაისად თქვენი განაცხადი კიდევ უფრო გამორჩეული იყოს.