ლიბერთი ბანკი

„შშმ პირებისთვის „ლიბერთი ბანკის“ მისაწვდომობის პროექტის“ მიზანია შშმ პირებისათვის საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას თანაბარი შესაძლებლობებისა და შედეგების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბანკის სერვისების თანაბარ მისაწვდომობას და მხარს უჭერს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას.

პროექტი შეესაბამება „ლიბერთი ბანკის“ ხედვას, იზრუნოს და გააუმჯობესოს ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში.

შშმ პირების მისაწვდომობის პროექტი მოიცავს 6 ძირითად მიმართულებას:

  1. შშმ პირების ფიზიკური მისაწვდომობის გაუმჯობესება – ინფრასტრუქტურა;
  2. შშმ პირების მისაწვდომობის გაუმჯობესება სერვისის კუთხით – გამარტივება და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
  3. „ლიბერთის“ თანამშრომლების გადამზადება – სერვისი, შშმ პირთა უფლებები;
  4. შშმ პირებთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა საზოგადოებაში;
  5. შშმ პირების დასაქმება;
  6. ადვოკატირება – არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ეროვნული ბანკის რეგულაციების ცვლილება.

პროექტის ფარგლებში „ლიბერთის“ პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

პროექტის განხორციელება 2022 წლის ივლისში დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს. ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ:

  • კამპანია „დაამსხვრიე სტერეოტიპი“, რომელიც მოიცავდა ბანკის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო და ინტერაქტიურ აქტივობებს;
  • სატელევიზიო არხებმა გააშუქეს ეს თემა და წინ წამოწიეს პრობლემები; ლიბერთის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგების კურსი „შშმ პირთა უფლებები“;
  • თბილისის მასშტაბით, 7 ფილიალში დაინერგა გამარტივებული სერვისი უსინათლო პირებისათვის, რაც გულისხმობს მესამე პირის გარეშე მათ მომსახურებას;
  • კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართეს შშმ პირების კომპონენტი, რაც მათთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს;
  • „ლიბერთი ბანკმა“ შექმნა CSR მრჩეველთა საბჭო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას შშმ პირთა უფლებები წარმოადგენს;
  • მარნეულში შეიქმნა საჩვენებელი ადაპტირებული ფილიალი, რომელსაც მონიტორინგს უწევენ სპეციალისტები.