კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
კავკასიის უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა განათლების გზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების თანაბარი პირობების შექმნა, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების რეზისტენტულობის გაზრდა და დანარჩენი საქართველოსთვის მუდმივად იმის შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა.
აფხაზეთიდან ყოველწლიურად 600-მდე ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდა ჩამოდის, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი განათლება, არიან სოციალურად დაუცველები და არ მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის, განათლებაზე. Aამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასთან „გალი ჯაზი“ და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან.
2021 წელს კავკასიის უნივერსიტეტმა დაიწყო ახალი პროექტი „ჩვენ გვესმის ხმა აფხაზეთიდან“. პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია აფხაზეთში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.
კავკასიის უნივერსიტეტი პროექტს სხვადასხვა გზით ახორციელებს:
აფხაზეთიდან ჩამოსული სტუდენტები უნივერსიტეტში ნებისმიერ პროგრამაზე სწავლობენ სრულიად უფასოდ; ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა სკოლების უზრუნველყოფა პროექტორებით და ულიმიტო ინტერნეტით, მოსწავლეებს კი დაურიგდათ ლეპტოპები.
კამპანიის ფარგლებში 300-მდე პარტნიორს დაეგზავნა სასაჩუქრე ყუთები, რომლებშიც მოთავსებული იყო აფხაზეთის მიწა, ბრენდირებული ნივთები წარწერით „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“. ამ აქტივობის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შეხსენება.
კავკასიის უნივერსიტეტმა დააფინანსა თბილისში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლის შენობის რემონტი და სკოლას ყოველწლიურად უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭირო ინვენტარით.
კავკასიის უნივერსიტეტი აფინანსებს ლიტერატურულ კონკურსს „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“, რომლის მიზანია მოზარდებში კონფლიქტის ზონებისა და ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოიცა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატურული ტექსტების კრებულები.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა ორგანიზაცია „აქ, ახლა თავისუფლებისათვის“, რომლის წევრებიც უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები არიან.
ორგანიზაციამ დააარსა „ინგლისური ენის სკოლა“, რომელშიც აფხაზეთიდან ჩამოსული 25-30 ახალგაზრდა შეისწავლის უცხო ენას. ეს აქტივობა თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება;
კავკასიის უნივერსიტეტი მხარს უჭერს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს.
პროექტის საშუალებით გაიზარდა იმ პრობლემების შესახებ ცოდნა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი ხალხის ყოველდღიურობაა.
2021 წლისთვის აფხაზეთიდან სამი ახალგაზრდა გახდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი. 2022 ასეთი სტუდენტების რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
გაიზარდა გაზაფხულის სემესტრში მობილობით გადმომსვლელთა რიცხვი და პარტნიორი კომპანიების ჩართულობის ხარისხი ყველა იმ მიმართულებით, რაც აფხაზეთის ირგვლივ არსებულ აქტივობებს ეხება.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლის მოსწავლეების უმეტესობას უკვე მიუწვდება ხელი ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებზე.