BDO საქართველო
კომპანია BDO-ში დამკვიდრებულია კარგი ტრადიცია – ყოველ მეორე წელს საახალწლოდ საჩუქრებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს, კლიენტებისა და პარტნიორების სახელით, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტისკენ მიმართავენ.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გადაწყდა წლის სოციალური პროექტი ამ თემატიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული და ასე გაჩნდა პროექტი #ჩემისახელით, რომლის მიზანიც იმ ქართველი სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა იყო, ვინც იბრძოდა და გმირულად დაიღუპა უკრაინაში.
პროექტი დაიწყო 2022 წლის თებერვალში და 1,5 წელი გაგრძელდა.
პროექტი #ჩემისახელით გავრცელდა მხოლოდ იმ სამხედროების ოჯახებზე, ვინც ჩამოასვენეს საქართველოში და ვისაც აქ ოჯახი დარჩა.
თავდაპირველად იგეგმებოდა 19 სამხედროს ოჯახის დახმარება. სამწუხაროდ, პროექტის მიმდინარეობისას დაღუპულების რიცხვი 25-მდე გაიზარდა. BDO-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და 50 000 ლარი თანაბრად გადანაწილდა დაღუპულების ოჯახებზე.
პროექტის მთავარ მიზანს სამხედროების ოჯახების მხარდაჭერა წარმოადგენდა. კომპანიის თანამშრომლებს კარგად ესმოდათ, რომ ერთჯერადი დახმარება გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანდა. რამდენადაც ასეთი პროექტები ყოველთვის ითვალისწინებს კლიენტებისა და პარტნიორების ინფორმირებას, ამიტომ გადაწყდა ვიდეორგოლის გადაღება, რომელშიც მონაწილეობა სურვილისამებრ ყველა კლიენტსა და პარტნიორს შესთავაზეს, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ინფორმირებულობა. ორგანიზაციის თანამშრომლების აზრით, #ჩემისახელით ბევრისთვის ერთგვარი ინსპირაცია იქნებოდა და ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით დაუჭერდნენ მხარს ამ ოჯახებს.