თეგეტა ჰოლდინგი

საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სხვადასხვა გამოწვევისა და დაბრკოლების წინაშე დგანან.

მუდმივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა იმ შესაძლებლობებზე,  რომლებიც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ.

საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით დაიწყო „თეგეტა ჰოლდინგსა“ და დაუნის სინდრომის ასოციაციას შორის თანამშრომლობა და განხორციელდა პროექტი „თეგეტა X ბაბალე“, რომელიც მიმდინარეობდა 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდე.

პროექტის პირველ ეტაპზე, 2022 წელს, „თეგეტას“ ინიციატივით შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად განსხვავებული გამოცემა, რომელიც სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ბენეფიციარების  ილუსტრაციებით დასურათდა.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა ფონდისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებით, ასევე საზოგადოებაში სახალხო დაფინანსების კულტურის ამაღლება და სასიკეთო ცვლილებებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

ღონისძიება მოიცავდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იყო განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსანი“ და წიგნის ვიზუალებით შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძიების კულმინაცია იყო აუქციონი, სადაც „ბაბალეს“ და ცნობილი მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი 16 ნახატი გაიყიდა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა და სრულად გადაირიცხა „გიგოს ფონდში“. ღონისძიების დასრულებიდან 2 კვირაში „გიგოს ფონდმა“ ამავე გამოფენით შეგროვებული 13 681.60 ლარი (5 030.00 დოლარი) გადაურიცხა დაუნის სინდრომის მქონე პატარა სალომეს ტრაქეის ბალონირების ორი ოპერაციის დასაფინანსებლად. სალომეს კიდევ ორი პროცედურა სჭირდება, რის შემდეგაც, ქირურგების ვარაუდით, პროცესი დასრულდება და ტრაქეოსტომა მოეხსნება.

„თეგეტა ჰოლდინგი“ არაერთი საზოგადოებრივი თემის მხარდამჭერია, რაც ზრდის მის დადებით ზეგავლენას იმ საზოგადოებაზე, რომელთანაც მუშაობს. კომპანიის მიზანია კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება და თავის პროექტებში ამ თემების ხანგრძლივად ჩართვა.