GEC Consulting

ლევან ფანგანის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით კარგადაა ცნობილი და აღიარებულია საქართველოს და კავკასიის რეგიონის აკადემიურ წრეებში. სხვადასხვა წლებში იგი იყო Oikos International-ის გლობალური პრეზიდენტი, UN PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, მონაწილეობდა და მოხსენებით გამოვიდა მდგრადი განვითარების კონფერენციებში მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 

ლევან ფანგანის დამსახურებაა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა GEC-ში არა მხოლოდ ცალკეული აქტივობების სახით ხორციელდება, არამედ ინტეგრირებულია სტრატეგიაში, პროცესებსა და პროცედურებში და კონსულტირების პრაქტიკაში. 

როგორც GEC დირექტორი და მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი, ლევანი მუდმივად ზრუნავს გუნდის წევრების მოტივაციასა და ჩართულობაზე, ცდილობს აამაღლოს მათი ცნობიერება და წაახალისოს მდგრადი ქცევა და ასეთი ქცევის მაგალითს თავად იძლევა. ლევანის ინიციატივით კომპანიაში დანერგილია „უქაღალდო ოფისის“ კონცეფცია; მოქმედებს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულება დედებისა და მამებისთვის; მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში წახალისებულია დისტანციური მუშაობა და ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობა; სამუშაო საათებში ინტეგრირებულია პრო ბონო აქტივობები. 

ლევანის ხელმძღვანელობით GEC-ში მოქმედებს ახალგაზრდა ბიზნესკონსულტანტების პროფესიული განვითარების კომპლექსური და გრძელვადიანი პროგრამა; მისი თაოსნობით და აქტიური ჩართულობით GEC-მ დააფუძნა მდგრადი განვითარების ინსტიტუტი (ISD), რომლის მისიაა გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში. ინსტიტუტის წამყვანი პროექტია საგანმანათლებლო პლატფორმა sustainability.ge, რომელსაც ყოველთვიურად 25,000 მნახველი ჰყავს. 

ლევან ფანგანის ინიციატივით GEC Consulting-ი გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი და საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი.