შპს "ბიდიო“

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებიდან კომპანია „ბიდიოსათვის“ მნიშვნელოვანი იყო შეექმნა ჯანსაღი, კომფორტული, სტრესისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თანამშრომლების ჯანმრთელობა და ფინანსური სტაბილურობა. ამისათვის კომპანიამ 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი „ლავირება ახალ რეალობაში“ - ბიდიოს ვირტუალური ოფისი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. 

თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით „ბიდიომ“ 300-მდე თანამშრომელი  გადაიყვანა მუშაობის სრულად დისტანციურ რეჟიმზე, მონაცემების უსაფრთხოების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში შიდა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით შექმნა ვირტუალური ოფისი, რისთვისაც ექსპლუატაციაში გაუშვეს ახალი ინტრანეტი SharePoint-ის პლატფორმაზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა განყოფილების სპეციფიკების ანალიზი, დაიგეგმა ტექნიკური და ვიზუალური დეტალები, შესრულდა სისტემის ძირითადი გარემოს საბოლოო აწყობა/დეველოპმენტი, დამუშავდა კონტენტი. 

პირველ ეტაპზე თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტრანეტის მთავარი გვერდი სიახლეებით, დაანონსებული ვებინარებითა და Yammer-ის კორპორაციული newsfeed-ით. კონტენტი ყოველდღე მდიდრდებოდა, ემატებოდა ინფორმაცია „ბიდიოს“ იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც პანდემიის პირობებში კლიენტებისა და ზოგადად საზოგადოების მხარდასაჭერად განხორციელდა. თანდათან კომპანიამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ახალ, ვირტუალურ ოფისს თანამშრომლების წახალისებისთვის საქმიანთან ერთად რეკრეაციული ფუნქციაც ეტვირთა. ასე გაჩნდა კულინარიული კონკურსის ვირტუალურად ჩატარების იდეა, ასევე, გამოკითხვის ჩატარების იდეა State of Mind და ა.შ. 

პანდემიის მიზეზით კომპანიის არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. მეტიც, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა. პანდემიით გამოწვეული მიზეზები არც თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას შეხებია.