"სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი"

„ჯიპიაი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც 2016 წლიდან გააციფრულა  დაზღვევა და მომხმარებელს ისეთი პლატფორმები შესთავაზა, საიდანაც დაზღვევის შეძენას და ანაზღაურების მიღებას დისტანციურად, ოფისში მიუსვლელად შეძლებდნენ. ამ დროიდან ციფრული განვითარება და მომხმარებლისათვის დაზღვევის სერვისებით სარგებლობის გამარტივება „ჯიპიაის“ სტრატეგიული განვითარების მთავარი ამოცანაა. შეიქმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც ყველა სადაზღვევო სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლო მომხმარებელს.

პროექტი დაიწყო 2019 წელს და ახლაც მიმდინარეობს.

პანდემიის დაწყებამდე აღნიშნულ აპლიკაციას მომხმარებლების 50% იყენებდა და მისი მიზანი დაზღვევით სარგებლობა და კომპანიასთან ურთიერთობისას კომფორტის შექმნა იყო. კოვიდ 19-მა ყველაფერი შეცვალა და კომპანიის სერვისები სრულად გადავიდა ონლაინ მომსახურებაზე.

პროვაიდერ კლინიკაში გაიზარდა პირად ექიმთან კონსულტაციების დრო და რაოდენობა, დაემატა ვიწრო პროფილის ექიმთან უფასო სატელეფონო კონსულტაცია, რათა დაზღვეულებს ზედმეტად არ დასჭირვებოდათ კლინიკაში მისვლა. პარტნიორი ლაბორატორია ანალიზების ასაღებად პაციენტებთან სახლში დადის. გადაუდებელ პაციენტებს პროვაიდერ კლინიკებში გამოკვლევებსა თუ ოპერაციებზე აგზავნიან, ხოლო თანხა დისტანციურად უფინანსდებათ. გამარტივდა ქრონიკული დაავადებისათვის მედიკამენტების გამოწერის პროცედურა – ყველა მედიკამენტზე მიმართვა ავტომატურად ახლდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლების დამატებითი ვიზიტები. თანხის გადასახდელად მომხმარებლებს შესთავაზეს აპლიკაციაში ჩაშენებული ელექტრონული ბარათების გამოყენება, რაც ფულთან და საკრედიტო ბარათებთან შეხებას გამორიცხავდა. სერვისცენტრთან განთავსდა ანაზღაურების ყუთიც მათთვის, ვინც ონლაინ ვერ ახერხებდა საბუთების ატვირთვას. ონლაინგანცხადებებზე ანაზღაურება იმავე დღეს უბრუნდებოდა მომხმარებელს, ხოლო ყუთში ჩაყრილ განცხადებებზე 3 დღე სჭირდებოდა თანხის დაბრუნებას. ამ მიდგომამ ბიძგი მისცა მომხმარებლებს ჩამოეტვირთათ სადაზღვევო კომპანიის მობილური აპლიკაცია და დღეისათვის დაზღვეულების უკვე 95% სადაზღვევო სერვისების მისაღებად ონლაინპლატფორმას იყენებს. 2020 წლის ნოემბრიდან კომპანია ჩაერთო კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებით პანდემიის რისკი გამონაკლისი იყო, კომპანია საკუთარ დაზღვეულებს უფინანსებს ბინაზე ყოფნისას მკურნალობისა და კვლევების ხარჯებს.

ორი თვის განმავლობაში კომპანიამ 300 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა. კარანტინის პერიოდში დაზღვეულებს ონლაინ აუნაზღაურდათ  11 მლნ. ლარზე მეტი თანხა.