თიბისი ბანკი
30 წელია, რაც თიბისი ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, „თიბისი“ თავის საქმიანობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების უმაღლესი სტანდარტებით და მაღალი ეთიკური პრინციპებით ხელმძღვანელობს.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი ცდილობს შეამციროს ეკოლოგიური კვალი და გაზარდოს დადებითი გავლენა გარემოზე რესურსების დაზოგვის, სტრატეგიული მიდგომებისა და ცნობიერების ამაღლების მეშვეობით. „თიბისის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები ბანკის 19 შვილობილ კომპანიასთან შეთანხმდა.
ეკოლოგიური კვალის შემცირების მიზნით „თიბისი“ იყენებს ენერგოეფექტურ მიდგომას და ითვალისწინებს მწვანე რეკომენდაციებს ოფისების და ფილიალების მშენებლობის და შეკეთების პროცესში. ბანკის ოფისებში გამოყენებულია განათების, გათბობის და გაგრილების ენერგოეფექტური სისტემები; ავტოფარეხი ელექტრული და ჰიბრიდული მანქანებითაა დაკომპლექტებული.
დედამიწის დღე „თიბისიში“ ახალი ინიციატივით აღინიშნა; 22 აპრილიდან, არასამუშაო საათების განმავლობაში, ბანკის 134 ფილიალში შეიზღუდება განათება, რაც ყოველწლიურად 120,000 კვტ/სთ ელექტროენერგიას დაზოგავს და 23,400 კგ-ით შეამცირებს C02-ის გამოყოფას.
გრძელვადიანი კონტრაქტორების და მომწოდებლების სკრინინგის მიზნით „თიბისიმ“ გარემოსდაცვითი და სოციალური (E&S) რისკების მართვის კითხვარი შეიმუშავა და სტანდარტებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში კონტრაქტორებს სამოქმედო გეგმას უსახავს. 2022 წელს 70 სამოქმედო გეგმა იყო წარმოდგენილი.
2022 წელს „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში დაწესდა სპეციალური ჯილდო მწვანე ბიზნესებისა და ინიციატივებისთვის.
თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობის ფარგლებში „თიბისი“ ზრუნავს თანამშრომლების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვაზე, ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და ოჯახზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ კულტურას, თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.
უზრუნველყოფილია კერძო სამედიცინო დაზღვევა; გათვალისწინებულია შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სრულად ანაზღაურებულია დეკრეტული შვებულება, ქორწინებასთან, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება. „თიბისი“ წაახალისებს მოქნილ, დაბალანსებულ სამუშაო განრიგს; ბევრ თანამშრომელს აქვს ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა.
თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის შიდა სასწავლო პროგრამები და სხვა ტიპის ხელშეწყობაა გათვალისწინებული: სასტიპენდიო ფონდი საუკეთესო თანამშრომლების მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის თანადაფინანსებისთვის; მენტორობის პროგრამა ფრონტ-ოფისის თანამშრომლებისთვის; ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი „თიბისი აკადემიის“ მრავალფეროვანი კურსები. რამდენიმე ფილიალში შემოღებულია ფილიალის ტრენერის თანამდებობა, რომლის ფუნქციებში შედის კლიენტის მომსახურების პროცესის დაკვირვება, პერსონალის მუშაობაში ნაკლოვანებების გამოვლენა და ინდივიდუალური ტრენინგ-პროგრამების შესაბამისად მორგება. 2022 წლიდან ლიდერობის სკოლის ფარგლებში დაინერგა ლიდერობის კომპლექსური პროგრამა, რომლის მონაწილეთა 55% ქალია.
„თიბისი“ ზრუნავს, რომ თანამშრომლებს კარგად ესმოდეთ მათი როლი კომპანიაში და აქტიურად ერთვებოდნენ საკუთარი სამუშაო მიზნების დასახვაში. მუდმივი უკუკავშირი და კონსტრუქციული დიალოგი თანამშრომლების შეფასების და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბაზარზე პასუხისმგებელი საქმიანობის ფარგლებში „თიბისი“ მიზანია უზრუნველყოს ბიზნესეთიკის უმაღლესი სტანდარტები საქმიანობაში და დანერგოს არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციის მექანიზმები.
„თიბისი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ცვალებად საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას და ახალი პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზებას.
მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებს ბანკი სთავაზობს მხარდაჭერის უნიკალურ პროგრამას, რომლის მრავალფეროვანი რესურსები და კომპონენტები თავმოყრილია პლატფორმაზე https://www.tbcbusiness.ge/; 2017 წლიდან მიმდინარეობს პროექტი „სტარტაპერი“, რომელიც სტარტაპებს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ დახმარებას სთავაზობს. 2017 წლიდან მოყოლებული, აქტივობებში 55,000-ზე მეტი სტარტაპი ჩაერთო. 2016 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სტარტაპების დასაფინანსებლად „თიბისიმ“ 80 მილიონ ლარზე მეტი გაიღო.
„თიბისი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე მეწარმეებს და ცდილობს ჩართოს ისინი მიწოდების ჯაჭვში. 2022 წელს რეგიონებში „თიბისიმ“ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფორუმები ჩაატარა.
გარემოსდაცვითი რისკების შემცირების მიზნით „თიბისი“ უპირატესობას ანიჭებს მწვანე და ენერგოეფექტური პროდუქციის შეძენასა და გამოყენებას და ამდენად, მომწოდებლებისგანაც მოითხოვს გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას.
„თიბისის“ ფილიალების 90% სრულადაა ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. 2022 წლიდან დაიწყო რამდენიმე ფილიალის ადაპტირება შშმ პირების დასაქმების და მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მიზნით.
„თიბისი“ აცნობიერებს, თუ რა დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოების მხარდაჭერასა და განვითარებაში; „თიბისის პრიორიტეტებია“ ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მრავალფეროვნების და თანასწორობის ხელშეწყობა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება:
- 2021 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, „თიბისის“ ხელშეწყობით, ვანის განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი გახსნა;
- 2021 წელს დაწყებული „თიბისის“ ტექპოდკასტის მიზანი ახალი ტექნოლოგიების საკითხებში ცნობიერების ამაღლება და საინტერესო ქართული ტექნიკური სტარტაპების პოპულარიზაციაა;
- 2019 წლიდან სკოლის მოსწავლეების სტიპენდიის პროგრამა წელიწადში 200 ბავშვს ყოველთვიურად 100 ლარით აფინანსებს; პარალელურად, „თიბისი“ იწვევს სტიპენდიატებს მის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად;
- „თიბისი“ ქართველ ქალ მეწარმეთა პროდუქციის და მომსახურების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის სპონსორია;
- კომპანია გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოების პარტნიორია, რომელიც ცდილობს შთააგონოს და მოიზიდოს მეტი ქართველი ქალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.
ომის პირველივე დღეებიდან „თიბისი“ აქტიურად იყო ჩართული უკრაინელების დახმარებაში. გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის შეტანა. ქველმოქმედების პროცესის გამარტივებისთვის „თიბისი“ აპლიკაციაში შექმნილია სპეციალური შაბლონი „მხარდაჭერა უკრაინას“. საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვების ყველა საკომისიოს სრულად ფარავს ბანკი. ერთობლივი ძალებით უკრაინის დასახმარებლად 1.7 მილიონზე მეტი ლარი შეგროვდა; ბანკმა გუნდის სახელით 200,000 ლარი გაიღო. „თიბისი“ გვერდში ედგა უკრაინელ კოლეგებსა და მათ ოჯახებს, დაეხმარა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კერძო სექტორს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.