ჯიპიაი ჰოლდინგი
პანდემიამ რადიკალურად შეცვალა დასაქმების ბაზარი. დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობამ ადამიანებს საშუალება მისცა სამსახური არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მოეძებნათ; ამან გააჩინა ახალი კადრების დეფიციტი და გააძლიერა კონკურენცია უკვე არსებულ, გამოცდილ თანამშრომლებში.
აცნობიერებდა რა, რომ კოვიდის შემთხვევების რადიკალურ ზრდაზე ადეკვატური რეაგირება და მუშაობის ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელება ვერ მოხერხდებოდა ახალი კადრების მოზიდვის და არსებული, გამოცდილი თანამშრომლების შენარჩუნების გარეშე, „ჯიპიაის“ მენეჯმენტმა 2021 წელს მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების შესახებ. ამ ცვლილებამ მისცა კომპანიას შესაძლებლობა, ერთი მხრივ, არსებული თანამშრომლებისთვის შეეთავაზებინა მუშაობის მოქნილი და კომფორტული პირობები, ხოლო მეორე მხრივ, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოეძია და დისტანციურად დაესაქმებინა ახალი თანამშრომლები. რამდენადაც მოიხსნა ოფისში სიარულის ვალდებულება, აღარც არაადაპტირებული შენობები წარმოადგენდა პრობლემას და ამდენად, შშმ პირების დასაქმებაც გახადა შესაძლებელი.
განხორციელებული ქმედებების შედეგად, კომპანიამ დაასაქმა 125 ადამიანი, მათ შორის 16 – რეგიონებში მცხოვრები და 4 – შშმ პირი.
გარდა ამისა, „ჯიპიაიში“ ეტაპობრივად გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება სამოტივაციო სქემების განახლების, ანაზღაურების გაზრდის, შეღავათების გამრავალფეროვნების და გაუმჯობესების თვალსაზრისით; თანამშრომელთა წახალისების და გამხნევების მიზნით დაიგეგმა არაერთი ღონისძიება.
კომპანია მუდმივად ცდილობს შექმნას ღირსეული, ადამიანებზე ორიენტირებული გარემო ყველასთვის, ვინც უკვე მუშაობს ან აპირებს „ჯიპიაიში“ მუშაობის დაწყებას.