თიბისი ბანკი
„თიბისი ბანკის“ “ჯანსაღი სამუშაო გარემოს” კონცეფცია ხელს უწყობს თანამშრომლობას, გუნდურობას და ბანკში დასაქმებული ადამიანებისთვის სამართლიანი, უსაფრთხო, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან თუ ძალადობისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნას.
„თიბისი“ კორპორაციული მმართველობის უმაღლესი სტანდარტების ერთგულია და ცდილობს განავითაროს ადამიანის უფლებების პატივისცემით განმსჭვალული ორგანიზაციული კულტურა. თანამშრომლების კეთილდღეობა, პროფესიული განვითარება და სამართლიანი, ეთიკური სამუშაო გარემო ბანკის უმთავრესი პრიორიტეტებია.
„თიბისი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ვინაიდან ბანკის თანამშრომელთა 70% ქალები არიან, „თიბისისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შექმნას მათთვის პირადი და საქმიანი ცხოვრების დაბალანსების, პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობები.
„თიბისი“ აცნობიერებს, რომ დისკრიმინაციის პრევენცია, მრავალფეროვნების და თანასწორობის პატივისცემა, კოლეგებს შორის ღია კომუნიკაცია ხელს უწყობს თანამშრომელთა კმაყოფილებას.
ჯანსაღი სამუშაო გარემოს კონცეფცია ითვალისწინებს ყოველივე ზემოთქმულს და მოიცავს: მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკას და სამოქმედო გეგმებს; ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო ტრენინგს სექსუალური შევიწროების, მრავალფეროვნების, თანასწორობის, სტერეოტიპების და დისკრიმინაციის თემებზე; მრავალფეროვნების და გენდერული მეინსტრიმინგის სესიებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებისთვის; ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე კომუნიკაციას.
თანამშრომლების მაღალი ინტერესიდან და დადებითი გამოხმაურებიდან გამომდინარე, 2023 წელს „თიბისი“ გეგმავს ჯანსაღი სამუშაო გარემოს კონცეფციის შემდგომ განვითარებას. კონცეფციის დანერგვის შედეგად „თიბისიმ“ ორ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია – წაახალისა ღია კომუნიკაცია და დიალოგი თანამშრომლებში და აამაღლა მათი ცნობიერება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ღირებულებებთან მიმართებით.