ეფეს საქართველო
თანასწორუფლებიანი, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა და მათთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება „ეფეს საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტია.
თანამშრომლების კეთილდღეობის შეფასების მიზნით კომპანიაში ყოველწლიურად ტარდება ანონიმური გამოკითხვა. შედეგების გაუმჯობესებისა და გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრისათვის მუშავდება სამოქმედო გეგმა და წლის განმავლობაში ხდება მისი შესრულების მონიტორინგი.
თითოეულ თანამშრომელს კომპანია განვითარების ინდივიდუალურ გეგმას სთავაზობს და უფინანსებს როგორც შიდა, ისე სხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში მონაწილეობას. საგანმანათლებლო რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. 2022 წელს „ეფეს საქართველოს“ 388 თანამშრომელმა სხვადასხვა თემაზე ორგანიზებულ 18 ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.
კომპანია უფინანსებს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ პაკეტს, უნაზღაურებს სამუშაო საათებში კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს. ყოველთვიურად თანამშრომლებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანიის პროდუქცია.
ყოველწლიურად კომპანია ატარებს იდეების კონკურსს, რომელშიც ყველა თანამშრომელს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კონკურსის შედეგად დაინერგა და განხორციელდა მრავალი სიახლე, რამაც ხელი შეუწყო ქარხნისა თუ ოფისის ეფექტურ მუშაობას და შეამცირა ხარჯები.
„ეფეს საქართველო“ ზრუნავს გენდერულ თანასწორობაზე; სრულად ანაზღაურებულია დეკრეტული შვებულებები, კომპანიაში წახალისებულია ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების მუშაობა.
თანამშრომლების კეთილდღეობის და ჩართულობის მაღალი დონე აისახება როგორც სამუშაო გარემოსა და კულტურაზე, ისე სამუშაოს შესრულების ხარისხზე და კომპანიის, როგორც კარგი დამსაქმებლის, რეპუტაციაზე. თანამშრომელთა ლოიალობის მაღალი მაჩვენებელი საშუალებას აძლევს კომპანიას ხანგრძლივად შეინარჩუნოს გამოცდილი და კომპეტენტური პერსონალი.