ლიბერთი ბანკი
„ლიბერთი ბანკი“ აქტიურადაა ჩართული სამწლიან პროექტში, რომელსაც „მერსი კორფსის“ წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით 2022 წლიდან ახორციელებს.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საქართველოს ოთხი რეგიონის ათასზე მეტ სოფელს მოიცავს და მიზნად ისახავს ამ რეგიონებში მცხოვრები, მეწარმეობით დაინტერესებული 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, შემდგომ კი მათ მიერ წარმოდგენილი საუკეთესო ბიზნესიდეების ფინანსურ მხარდაჭერას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს 50-მდე სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო საწარმოს შექმნა-გაძლიერებას.
სპეციალურად პროექტისთვის „ლიბერთის“ გუნდმა შეიმუშავა ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომლის მეშვეობითაც მინიმუმ 1500 ახალგაზრდა მეწარმე გაიღრმავებს საბაზისო ფინანსურ განათლებას, გაიმარტივებს ბიზნესის წარმოებას და გაიუმჯობესებს წვდომას ბიზნესის მხარდამჭერ სტრუქტურებსა და ძირითად საბაზრო სექტორებზე.
„ლიბერთის“ გადაწყვეტილებით, პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მეწარმეები ისარგებლებენ შეღავათიანი საბანკო პროდუქტებითა და ფინანსური კონსულტაციებით; გარდა ამისა, მიიღებენ მონაწილეობას ბანკის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმებში, რაც მათთვის ახალი, მსხვილი ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობას გააჩენს.
პროექტში დარეგისტრირდა 1846 მონაწილე (აქედან 60% ქალია). ამ ეტაპზე სწავლა დაასრულა 704 ადამიანმა; შემოსულია 369 ბიზნესპროექტი.
პროექტი დასრულდება 2024 წელს.