თეგეტა ჰოლდინგი
„თეგეტაში“ დასაქმებულთა ორი მესამედი მამაკაცია და ამის გათვალისწინებით კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების დაძლევასა და გენდერულად თანაბარი სამუშაო გარემოს შექმნაზეა მიმართული.
2022 წლის ივნისიდან ორგანიზაციასთან „ვიზრუნოთ ერთად“ და გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით კომპანიაში დაინერგა მაიკლ კაუფმანის ტრენინგმოდული „მამაკაცური საუბრები“, რომლის მიზანია გენდერულ საკითხებში ცნობიერების ამაღლება. წამყვანებთან ერთად ტრენინგის მონაწილეები მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მამის როლი ბავშვის აღზრდაში, საოჯახო საქმეების გადანაწილება, გენდერული სტერეოტიპები და მათი დაძლევა, ძალადობა, ტოქსიკური მასკულინობა, თანასწორი სამუშაო გარემო. სესიების ჩატარებას უზრუნველყოფს კამპანია „კაცები ზრუნავენ“.
ამ ეტაპისთვის პროექტში უკვე 100-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. დამსწრეთა 95% დადებითად აფასებს პროექტის შედეგებს; ისინი აღიარებენ, რომ სრულიად განსხვავებულად აღიქვეს საკუთარი როლი ბავშვის აღზრდის, პარტნიორთან ურთიერთობისა და ქალ თანამშრომლებთან ურთიერთობის პროცესში.
პროექტი დადებითად აისახა კომპანიაზეც: განმტკიცდა კომპანიის დადებითი რეპუტაცია თანამშრომლებში, ხოლო მომხმარებლებისგან მიღებული გამოხმაურებების მიხედვით, „თეგეტა“ შეფასდა, როგორც თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე მზრუნველი ბრენდი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021-2022 წლებში ორგანიზაციასთან „მოძრაობა ცვლილებისკენ“ ერთად „თეგეტამ“ განახორციელა უპრეცედენტო პროექტი „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომლის ფარგლებშიც გადაამზადა, შემდეგ კი მექანიკოსებად დაასაქმა ავტოინდუსტრიით დაინტერესებული გოგონები. პროექტმა დიდი დადებითი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რის შედეგადაც „თეგეტას“ გუნდს კიდევ რამდენიმე გოგონა შეუერთდა.
„თეგეტა ჰოლდინგი“ მომავალშიც გააგრძელებს გენდერულად მგრძნობიარე პროექტების განხორციელებას.