შპს "დიო“

შპს „დიომ“ კომპანიის თანამშრომელთა ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სტაბილურობის მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი _ ავტომობილის სალონის საიზოლაციო ტიხარი, რომელიც ეფექტურია მგზავრობისას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, დაჩქარდა ახალი საწარმოს მშენებლობა, რამაც შესაძლებელი გახადა დაცულიყო უსაფრთხოების სტანდარტები და  სამუშაო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელებულიყო. 

2020 წლის მარტში, პანდემიის გამო მოსალოდნელი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, კომპანიამ ჩამოაყალიბა სპეციალური ოპერატიული შტაბი, რომელიც ზრუნავს კომპანიაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ოპერატიული შტაბის მეშვეობით შპს „დიოს“ თანამშრომლების 70%-ს  ჩაუტარდა ონლაინტრენინგი, გაეგზავნა სარეკომენდაციო და საინფორმაციო ტიპის შეტყობინებები. ასევე, 60-მა თანამშრომელმა გაიარა COVID-19-ის ტესტირება. 

ავტომობილის სალონის ინოვაციურმა საიზოლაციო ტიხარმა შესაძლებელი გახადა, რომ კომპანიის თანამშრომლების ხელფასი 100%-ით დაფარულიყო. 

ზემოაღნიშნული აქტივობებითა და დამატებით ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით კომპანიამ მოახერხა ვირუსის შიდა გადადების თავიდან აცილება. 

დღემდე კომპანია შტაბის საშუალებით ახერხებს ეფექტურად მართოს პროცესები.