ემბისი (MBC – მიკრობიზნესკაპიტალი)
ემბისის პირველი CSR ანგარიში გამოქვეყნდა 2019 წელს, თუმცა წლიურ ანგარიშებში კომპანიას მუდმივად ჰქონდა (და ამჟამადაც აქვს) შეტანილი სპეციალური საინფორმაციო ბლოკი CSR აქტივობების შესახებ.
რადგან ემბისისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა, კომპანიამ გადაწყვიტა გაეზიარებინა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მისი ღირებულებების, მიმდინარე სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც გამჭვირვალობის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა დაინტერესებულ მხარესთან – თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ინვესტორებთან, აქციონერებთან, ფართო საზოგადოებასთან; სწორედ მათი მოლოდინისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება ემბისის CSR ინიციატივების დაგეგმვა.
CSR ანგარიშის შინაარსის და სტრუქტურის განსაზღვრა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად ხდება. კერძოდ, CSR ანგარიშზე მუშაობის პროცესში კომპანიამ გაითვალისწინა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპები; ქალთა გაძლიერების პრინციპები; მდგრადი განვითარების მიზნები; მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია საქართველოსთვის; მდგრადი განვითარების ანგარიშგების სტანდარტები (GRI).
ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია ემბისის CSR მენეჯერი, ხოლო ანგარიშისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში ჩართულია კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტი და სამსახურები.