სილქნეტი

პროექტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სს „სილქნეტმა“ დააარსა 2018 წელს.

პროექტის მიზანია დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

პროექტის ბენეფიციარები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირები.

დაფინანსების უზრუნველსაყოფად „სილქნეტი“ ყოველწლიურად გამოყოფს 300 000 ლარს. დამატებითი რესურსის მოზიდვა ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბიზნესმენების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემოწირულობებით.

2018 წლიდან დღემდე ფონდმა „სილქნეტის“ ყოველწლიური შემოწირულობებით და დახმარებით  შეძლო 2 300 000 ლარის მობილიზება, რითაც დაფინანსდა 300 ბენეფიციარის და მათი შვილების საჭიროებები.Fფონდის დაფინანსებით ბენეფიციარებს უტარდებათ გადაუდებელი, ძვირადღირებული ოპერაციები საზღვარგარეთ და საქართველოში, ისინი იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს, უფინანსდებათ სხვადასხვა პროფილის სასწავლო კურსები პროფესიული გადამზადების მიზნით, ეტლით მოსარგებლეთათვის ხდება საცხოვრებელი ფართის ადაპტირება და სხვა. 2022 წელს, ფონდმა, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან ერთად, ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს საჩუქრად გადასცა უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამედიცინო აპარატურა.