APM Terminals Poti (ეიპიემ ტერმინალს ფოთი)
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია დაფუძნებულია გაეროს მდგრადი განვითარების 4 მიზანზე, რომელთა შორისაა: შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება და გენდერული თანასწორობა. პროექტი „აიპიემს ტერმინალი ფოთისთვის“ სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა.
პროექტი მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს (პრიორიტეტი ენიჭებოდათ ქალებს, დევნილებსა და ახალგაზრდებს), კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები. პროექტს სრულად აფინანსებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ეს ინიციატივა იყო პირველი, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა ადგილზე განევითარებინა საკუთარი ბიზნესი, ტრენინგებით მიეღო მეტი ცოდნა ბიზნესის მართვის საკითხებზე და, რაც მთავარია, ადგილობრივი თემის განვითარების მხრივ გასჩენოდა ინტერესი.
პროგრამა დაიწყო 2021 წელს და დასრულდა 2023 წლის თებერვალში. საერთო ჯამში, პროექტისთვის კომპანიამ გამოყო 800 000 ლარი. 2021 წელს დასრულდა გრანტების გადაცემის ეტაპი, ხოლო 2022 წელი სრულად მიეძღვნა ბენეფიციარებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს და მონიტორინგს.
პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული ბიზნესის შედეგადაც შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო ფოთის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა წვდომა სასურველ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. პროექტის ძირითადი შედეგებია:
- დაფინანსებული ბიზნესი – 85
- პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბიზნესის შექმნილი სამუშაო ადგილი – 59;
- დაფინანსების შემდგომ განხორციელებული ინვესტიცია ბიზნესის მოგებიდან – 67 220 ლარი;
- დაფინანსების შემდეგ განხორციელებული ინვესტიცია სხვა ფინანსური წყაროებიდან – 292 200 ლარი;
- ყველა დაფინანსებულმა ბიზნესმა განახორციელა მინიმუმ 1 მარკეტინგული აქტივობა (დაარქვა ბიზნესსახელი, შექმნა ლოგო, დაამზადა სარეკლამო ბანერი და ა.შ.);
- ბენეფიციარებმა მიიღეს პროექტის წერის (პროექტებში მონაწილეობის) გამოცდილება: 16 ბიზნესმა დაფინანსების შემდგომ მონაწილეობა მიიღო სხვა პროექტებში;
- პროგრამის პრიორიტეტულმა ჯგუფებმა (ქალებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ახალგაზრდებმა, სოციალური დახმარების მიმღებმა პირებმა) ჯამში შეადგინა 47%;
- დაფინანსებული ბიზნესიდან 60% იყო არსებული ბიზნესი, ხოლო 40% – სტარტაპი;
- ბიზნესიდეების ეტაპგადალახული პირები (151 ადამიანი) დაატრენინგეს ბიზნესგეგმის შედგენაში;
- პროგრამის ყველა ბენეფიციარი დატრენინგდა შემდეგ მიმართულებებში: ფინანსური დოკუმენტაცია და დეკლარაციები; ხარჯთაღრიცხვა; ბრენდინგი და მარკეტინგი; სოციალური მედია, E-Commerce, გაყიდვები და ბიზნეს კომუნიკაცია.
- ჯამში, 92 პირს ჩაუტარდა ინდივიდუალური კონსულტაცია შემდეგ თემებზე: სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება, აგრონომია, მარკეტინგ&გაყიდვები.