ტერაბანკი

ციფრულ არხებში სრულფასოვანი ინტეგრაცია თანამედროვე ბიზნესისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება; თუმცა, ქართულ ბიზნესკომპანიებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ამ მიმართულებით განვითარებისთვის ხშირად არ ჰყოფნით რესურსები. ამას ადასტურებდა პანდემიის პერიოდში „ტერაბანკის“ ჩატარებული ბიზნესკლიენტების საჭიროებების კვლევაც, რომლის საფუძველზეც 2021 წელს, ბიზნესკლიენტების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, „ტერაბანკმა“ 50 კომპანია მომსახურების სხვადასხვა პაკეტით დაასაჩუქრა. 

საპროექტო გუნდი აცნობიერებდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრულ საკომუნიკაციო არხებთან ადაპტაციის და ონლაინსივრცეში მათი სათანადო წარმოჩენის პრობლემა მხოლოდ ერთი განხორციელებული პროექტით ვერ მოგვარდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა გაეგრძელებინა ამ მიმართულებით მუშაობა და პროექტში მონაწილე ბიზნესების რაოდენობა გაეორმაგებინა. 

ამ მიზნით, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსთან“ პარტნიორობით, ტერაბანკმა შეიმუშავა ონლაინ კატალოგი, რომელიც 100 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიას აერთიანებს. კატალოგი საშუალებას აძლევს ადამიანებს  დაათვალიერონ მასში წარმოდგენილი კომპანიების პროდუქტები და სერვისები, სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდნენ მწარმოებელს და თავადაც შეუწყონ ხელი ამ ბიზნესის წარმატებას. 

ონლაინკატალოგის შექმნის პარალელურად, მისი პოპულარიზაციის მიზნით, კომპლექსური და მასშტაბური მედია და სარეკლამო კამპანია ჩატარდა. 

პროექტმა წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს – გაზარდა კატალოგში წარმოდგენილი ბიზნესკომპანიების ონლაინცნობადობა და ტრადიციულ მედიაში წარმოჩენის ხარისხი, კმაყოფილი დატოვა როგორც ბენეფიციარები, ისე მათი მომხმარებლები და სხვა მცირე და საშუალო ბიზნესების დაინტერესებაც გამოიწვია.