პოლივიმი

„პოლივიმი“, როგორც მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო, მიმართულია საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარებასა და გადამუშავებადი ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში გადამამუშავებელი სექტორის და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას.  

პროექტის მთავარი მიზანია მოსახლეობაში სეპარირების ჩვევის დანერგვა, რათა ყოველდღიურად წარმოქმნილი დაახლოებით 40 ტონა პლასტმასის ბოთლები მაქსიმალურად შეგროვდეს და გადამუშავდეს დამატებითი ღირებულების პროდუქტად. 

„გა-დააფასე პლასტმასის“ პროექტი 2021 წლის ივნისიდან ორი მიმართულებით მიმდინარეობს. „მწვანე რევოლუციის“ კამპანიის მთავარი მიზანია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებსა და ორგანიზაციებში პლასტმასის ნარჩენის სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლება.  კამპანიაში ჩართულია არაერთი სკოლა და უნივერსიტეტი. „პოლივიმმა“ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით დაამზადა  შიდა სივრცის სეპარირების 1000 ცალი ურნა, რაც ორგანიზაციებს უსასყიდლოდ გადაეცათ. შეგროვებული ნარჩენის ტრანსპორტირებას „პოლივიმის“ მანქანა თვეში ერთხელ ახდენდა. მიმდინარე ეტაპზე, კამპანიაში ჩართული კომპანიების და სეპარირებული ნარჩენის მზარდი რაოდენობის გამო, „პოლივიმი“ ნარჩენების ტრანსპორტირებას საწარმოში თვეში 4-ჯერ ახდენს. 

პროექტის მეორე მიმართულებაა „ერთი ნაბიჯით წინ 1=1“ კამპანია, რომლის მეშვეობითაც ხდება ნარჩენისთვის ფულადი ღირებულების მინიჭება. პროექტის ფარგლებში „პოლივიმმა“ შემოიღო ფულადი ღირებულება, კერძოდ, 1 ლარი 1 კგ პლასტმასის ბოთლისთვის, რომელიც გროვდება მცხეთაში, წინასწარ განსაზღვრულ „პოლივიმის“ სტენდზე. მცხეთის მუნიციპალიტეტს ბაღებში განსათავსებლად „პოლივიმისგან“ საჩუქრად გადაეცა შიდა სივრცის სეპარირების 30 ურნა. აღსანიშნავია, რომ „პოლივიმმა“ უკვე დაიწყო საპილოტე პროექტი რუსთავში, სადაც მოქალაქეებს  ნარჩენების მიტანა „პოლივიმის“ საწარმოში შეუძლიათ.