ბიოდიზელი ჯორჯია
2018-2020 წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველთვიურად 125 ტონა მეორადი მოხმარებული ზეთი რჩებოდა ნარჩენის სახით და არსებობდა ამ ნარჩენის უტილიზაციის სწორი, ეფექტური გზა, არც შესაბამისი კანონმდებლობა.
“ბიოდიზელი ჯორჯიამ” პირველმა საქართველოში და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში 2018 წელს დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის - ბიოდიზელის წარმოება. პარალელურად, კომპანიამ ინტენსიურად იმუშავა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულიყო მეორადი ნარჩენი ზეთის უტილიზაცია. შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს გამოსცა #605 დადგენილება. ასევე კომპანიამ შეცვალა საწარმოო ხაზის სტრუქტურა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეორადი ზეთის გადამუშავება და მისგან ბიოდიზელის მიღება. კომპანია დღემდე აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწის მიზნით.
ამ პროექტით კომპანიამ პირველად საქართველოში დანერგა ბიორესურსების სწორი უტილიზაციის და გადამუშავების ინოვაციური მეთოდი, მთლიანად გაასუფთავა გარემო მეორადი ნარჩენი ზეთის დაბინძურებისაგან და პირველად ქვეყნის ისტორიაში დაიწყო ნარჩენი ბიორესურსებისაგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის – ბიოდიზელის წარმოება, რაც დიდი სიახლეა ქართული ენერგეტიკისა და ეკოლოგიის სფეროში. პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრა ყოველთვიურად 125 ტონა, მავნე ნივთიერებებით გაჯერებული მეორადი ზეთის კვლავ ადამიანის საკვებში მოხვედრის მავნე პრაქტიკა.
გაიხსნა ახალი საწარმო, შეიქმნა 4 ათეულზე მეტი სამუშაო ადგილი, შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში, გაუმჯობესდა ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, მოხდა ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია, ახალი იმპულსი მიეცა სოფლის მეურნეობის განვითარებას.2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა კვების ობიექტის კომპანიასთან ჩატარდა შეხვედრები და გაფორმდა ხელშეკრულებები მეორადი, ნარჩენი ზეთის მხოლოდ სერთიფიცირებულ კომპანიისთვის ჩაბარებისა და ნარჩენი ზეთის მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენების თობაზე.
კომპანიის ინიციატივით ასევე ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდი“, რომლის ეგიდით გაიმართა შეხვედრები, სემინარები, ჩაიწერა ვიდეობლოგები. თემატიკა ეხებოდა მეორადი (მოხმარებული) ზეთის და ცხიმის სწორ უტილიზაციას, ამ ნარჩენების მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, პრევენციულ ზომებს, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკასა და მის დანერგვას საქართველოში.