ევროსტილი

ანა ტაკაშვილი ევროსტილს 2020 წლის ბოლოდან შეუერთდა და მალევე დაიმსახურა კოლეგების პატივისცემა. ანასთვის სამსახური მხოლოდ საქმე არაა, ის დიდ სიყვარულს აქსოვს ყველა ამოცანის შესრულებაში და ამ პოზიტივით და სიყვარულით ახერხებს ირგვლივ მყოფი ადამიანების მოტივირებასაც. მისი ხელშეწყობით კომპანიაში მრავალი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა. ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავი უნარის გამო 2022 წელს თანამშრომლებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ანას ერთსულოვნად მიენიჭა „კომპანიის დიპლომატის“ წოდება. 

ანა, გარდა ევროსტილისა, მუშაობს რა უფროს მასწავლებლად ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და 112-ე საჯარო სკოლაში, აქტიურად ცდილობს ამ ინსტიტუციებში საინტერესო სოციალური პროექტების შემოტანას. 2022 წელს მისი ძალისხმევით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება ევსროსტილში, ერთ-ერთი მათგანი კი საბოლოოდ დასაქმდა კომპანიაში. ეს ინიციატივა იმდენად მოეწონა კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებას ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. 

ანას ინიციატივით ევროსტილი დაეხმარა ნორიოს ბავშვთა სახლს. ბავშვებისთვის დაიგეგმა პროფორიენტაციის პროგრამა, სხვადასხვა ღონისძიება, გადაეცათ ინდივიდუალური და ჯგუფური საჩუქრები. ანას უშუალო მონაწილეობით კომპანიაში მაკულატურის  შეგროვების და წიგნებში გადაცვლის ერთჯერადმა აქციამ მუდმივი პროექტის სახე მიიღო. 

კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, ანას ახასიათებს ძლიერი ლიდერის თვისებები და სწრაფვა უკეთესობისკენ შეცვალოს გარემო. მას შეუძლია ადამიანების დარწმუნება, აქვს გუნდური მუშაობის კარგი უნარი, კოლეგების დახმარებაზე მუდამ ორიენტირებული, გულისხმიერი, სანდო, პრინციპული და სამართლიანი ადამიანია.