Fair Trees
კომპანიის Fair Trees გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ატარებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის. Covid-19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია _ პანდემიის პერიოდში დაგეგმილი კვლევები ამბროლაურის კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კლინიკის მენეჯერმა უარი განაცხადა სივრცის დათმობაზე.
მიუხედავად გამოწვევებისა, კომპანია „ფეა თრიიზმა“ მიიჩნია, რომ დაუშვებელია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების შეჩერება და თავის თავზე აიღო პროექტის განხორციელება. პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დღესაც მიმდინარეობს.
გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, კომპანიამ დაიქირავა კერძო მობილური კლინიკა და სკრინინგის მსურველ ქალებს კვლევები სხვადასხვა ადგილას უტარდებათ. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები შემდგომი კვლევებისათვის გადაჰყავთ კვალიფიციურ კლინიკაში, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რათა მოხდეს კვლევების და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.
პროექტის მართვაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფდა პანდემიის მართვისთვის საჭირო რეგულაციების დაცვას და პაციენტთა და მედპერსონალის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში სკრინინგი ჩაიტარა 171 ქალმა, ამჟამად მკერდის საეჭვო სიმპტომების მქონე 60 ქალთან მიმდინარეობს შემდგომი მუშაობა - უფინანსდებათ ტრანსპორტირება და ყველა დამატებითი კვლევა თუ ქირურგიული ჩარევა, რაც საჭირო იქნება საბოლოო განკურნებამდე. ყველა ქალს დაურიგდა 100-ლარიანი სტომატოლოგიური ვაუჩერი.