შპს "იუაი“
2020 წლის მარტიდან, COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ფონდ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ პროგრამებში შეჩერდა ჩვეული წესით მომსახურების მიწოდება. ფონდი დაარსებიდან არის კომპანია „იუაის“ ბენეფიციარი და კომპანია მუდამ ინფორმირებულია ფონდის საქმიანობისა და პრობლემების შესახებ. პანდემიის დროს ფონდი ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: განსაკუთებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მდგომარეობა კარანტინის პერიოდში და ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სამსახურის შენარჩუნება. ამ პრობლემების მოსაგვარებლად 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი, რომელიც ივლისში დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სტიპენდიის პროგრამაში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სრულად დაუფინანსდათ სწავლა. „პირველი ნაბიჯი“ გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე და თანამშრომლების 60%-ს სახელფასო ანაზღაურება არ შეჩერებია. კომპანიის დაფინანსებით ფონდმა შეძლო 60 ბავშვისთვის გაეგზავნა მედიკამენტები და ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური საშუალებები; ტექნიკური და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 17 თანამშრომლისთვის სრულად გადაეხადა 1 თვის ხელფასი; რუსთავის ფილიალის 6 სპეციალისტისთვის სრულად გადაეხადა 2 თვის ხელფასი; შეეძინა ოფისისთვის საჭირო დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები. საბოლოოდ, ფონდმა შეძლო მომსახურების სრულფასოვნად განხორციელება.