სს "საქართველოს ბანკი“

მსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა, თუმცა განსაკუთრებული გამოწვევები გაუჩნდა ქვეყნის განათლების სისტემას. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადაწყობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადასაყვანად. 

„საქართველოს ბანკის“ პროექტის მიზანი სწორედ პანდემიის პირობებში ონლაინსწავლის პროცესის ხელშეწყობა იყო, რომ რაც შეიძლება მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას მისცემოდა ონლაინგანათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. პროექტი დაიწყო 2020 წლის აპრილში და დღემდე წარმატებით ხორციელდება. 

მიზნის მისაღწევად სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი, „საქართველოს ბანკმა“, charte.ge-სთან ერთად, ინტერნეტი ჩაურთო და მთელი წლის ინტერნეტის საფასურიც დაუფარა. ამგვარად მათ შეძლეს სწავლის პროცესის გაგრძელება ონლაინრეჟიმში; ასევე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ონლაინლექციების ჩასატარებლად შეიძინა Zoom Education-ის ლიცენზია და უსასყიდლოდ გადასცა. ამის შედეგია უკვე ჩატარებული 68,912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორკშოპი). 

„წიგნის თაროსა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინსკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობდა. „წიგნის თაროს“ ონლაინსკოლა სამ სეზონად დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ამის შედეგია 1383 რეგისტრირებული და აქტიურად ჩართული მოსწავლე. 

პროექტის დახმარებით ამ ეტაპისთვის განათლების სისტემის ხელშეწყობის ზემოჩამოთვლილი თუ სხვა პროექტებით 779,530 სტუდენტმა და მოსწავლემ ისარგებლა.