Quick

Quickstart-ი ციფრული სააგენტო Quick-ის პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.  Quick-ის გუნდმა გადაწყვიტა პროექტით საკუთარი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებინა და ამით მცირე ბიზნესს პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებაში დახმარებოდა.

პროექტი 2020 წლის 25 ივნისს დაიწყო და დღეისათვის 250-მდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტის დასრულებამდე დროის დაახლოებით 55% დარჩა და შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბენეფიციართა რაოდენობაც გაორმაგდება. Quickstart-ი იყოფა სამ მოდულად. სამივე მოდული დაინტერესებული კომპანიების ბიზნესოპერაციების გაციფრულების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. 

მომხმარებელთან პირველი დაკავშირება ხდება სოციალური მედიის არხებით.  ბიზნესის დაინტერესებული წარმომადგენლები Quick-ის სპეციალისტებთან Zoom-ის პლატფორმაზე განაგრძობენ კომუნიკაციას. პირველ მოდულში იღებენ ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობა აქვს ციფრულ ტექნოლოგიებს და როგორ ეხმარება მათი გამოყენება სხვადასხვა პრობლემის დაძლევას. მეორე მოდულს ვორკშოფის სახე აქვს და პირველ მოდულში მიღებული ინფორმაციის ბიზნესსტრატეგიაში შეტანას მოიცავს. მოდულის ბოლოს იქმნება კონტენტი და სარეკლამო სტრატეგია. შემდგომი კომუნიკაცია მესამე მოდულის ფორმატში, მენტორშიფის გზით ხდება.

Quick-ის სპეციალისტები ეხმარებიან აღსრულების ეფექტურობის შეფასებასა და დახვეწაში. ბენეფიციარების აბსოლუტური უმრავლესობა პროექტს დადებითად აფასებს. 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ბიზნესოპერაციების სრულყოფილ გაციფრულებას ვერ უზრუნველყოფს, მაინც იძლევა არსებით ინფორმაციას  გაციფრულების მნიშვნელობის შესახებ. პროექტი ერთწლიანია, თუმცა მომავალი წლიდან იგეგმება მისი კიდევ უფრო გაფართოება.