ლისი დეველოპმენტი
ყოველწლიური მმართველობითი ანგარიშგების წარმოება „ლისი დეველოპმენტის“ შიდა კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს დოკუმენტი იწარმოება „ლისი დეველოპმენტის“ დაარსების პირველი წლიდანვე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქციონერებისთვის. გარდა ამისა, კომპანიაში შიდა პროცესების მართვისთვის წარმატებით გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება წლიური ანგარიში.
„ლისი დეველოპმენტის“ მმართველობითი ანგარიშგება საჯაროა და ყოველწლიურად ქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე. 2022 წელს კომპანია გახდა BARTA 2022-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში.
ანგარიშგების მეშვეობით კომპანია ასაჯაროებს და გამჭვირვალობას სძენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ასპექტს, როგორიცაა გარემოზე ზრუნვა, მშენებლობაში გამოყენებული ენერგოეფექტური მეთოდები, კომპანიის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო ზონის მოვლა-გაჯანსაღება, თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და სხვა.
გენერალური დირექტორის ინიციატივით გადაწყდა, რომ კომპანია დაწერდა ანგარიშს კონსულტანტების დახმარების გარეშე, ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჩართულობით. დოკუმენტის შემუშავების პირველ ეტაპზე მოხდა ქართული და საერთაშორისო კომპანიების საუკეთესო გამოცდილების ანალიზი, აგრეთვე იმ კანონის გაცნობა, რომელიც არეგულირებს ანგარიშგების მთავარ მოთხოვნებსა და კომპონენტებს. შეგროვებული მასალის კონსოლიდირება დაევალა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს. საბოლოოდ შემუშავდა დოკუმენტი, რომლის შექმნაში გუნდის თითოეულ წევრს მიუძღვის წვლილი.
დასრულებული ანგარიში განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს მის შინაარსს. კომპანიამ ანგარიში აგრეთვე გაუზიარა ეროვნულ ბანკს, საქართველოს საფონდო ბირჟას, აქციონერებს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს.