თიბისი ბანკი

„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია კლიენტების, პარტნიორების, მომწოდებლების, თანამშრომლების, ინვესტორების და საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება ბანკის საქმიანობისა და მისი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ. შესაბამისად, მდგრადობის ანგარიშში „თიბისი“ წარმოადგენს თავის ღირებულებებსა და კორპორაციულ კულტურას, იმას, თუ როგორ აწარმოებს პასუხისმგებელ ბიზნესს, როგორ ურთიერთობს დაინტერესებულ მხარეებთან, როგორ ზრუნავს თანამშრომლებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე, როგორ ცდილობს ქვეყნის მდგრად განვითარებაში წვლილის შეტანას.  

2021 წლის მდგრადობის ანგარიშზე „თიბისის“ ESG კოორდინაციის დეპარტამენტმა იმუშავა; გამოქვეყნებამდე ანგარიში განიხილა და დაამტკიცა მმართველობამ და სამეთვალყურეო საბჭომ. ანგარიში შედგენილია GRI სტანდარტების მიხედვით; მასში ასახულია ინფორმაცია გაეროს გლობალური შეთანხმების და გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. კომპანია ზრუნავს, რომ ანგარიშში გამოყენებული ენა არ შეიცავდეს პოტენციურ სტერეოტიპებსა თუ დისკრიმინაციას; ანგარიშის გასაფორმებლად შერჩეულია აფირმაციული ვიზუალური მასალა, განსაკუთრებით, მრავალფეროვნების, გენდერის და გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით. ანგარიშის თავდაპირველი ვერსია მომზადდა ინგლისურ ენაზე, შემდეგ ითარგმნა და გამოქვეყნდა „თიბისის“ ვებგვერდის ქართულენოვან ვერსიაში. 

დასრულებული ანგარიშის წარდგენა და მისი ცალკეული ასპექტების განხილვა გაიმართა ყოველწლიური ღონისძიების დროს, რომელსაც, ტრადიციულად, „თიბისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უმასპინძლა და რომელზეც მოწვეული იყვნენ ბანკის თანამშრომლები, მომხმარებლები, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, ფინანსური და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები.