ედენა

„ედენა“  სოციალური საწარმოა. „ედენას საელფო“ აერთიანებს 15 ქალს და მხარს უჭერს სხვა ქალებს და ახალგაზრდებს ქ. ონში.  რეგიონში უმუშევრობა მუდმივი პრობლემაა, განსაუთრებით ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც მხოლოდ დიასახლისობით შემოიფარგლებიან და სხვა პერსპექტივა არ აქვთ, ან ჰყავთ პატარა ბავშვები და მათთვის შეუსაბამოა საჯარო სამსახურის განრიგი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ედენამ განახორციელა რამდენიმე პროექტი. 2021 წელს, UNDP-ის პროგრამის ფარგლებში, „ედენას“ გაუჩნდა საკუთარი სივრცე – 100 კვ/მ სახელოსნო, იქვე – 40 კვ/მ მაღაზია და გადაწყდა სხვა ქალების დასაქმებაც. სათემო გრანტების კონკურსში გამარჯვებით მიღებული გრანტით დამატებით 10 ბენეფიციარი გადამზადდა კონკრეტულ პროდუქტზე პრაქტიკული სწავლებით. პროექტით იგეგმებოდა ქალების მხოლოდ გადამზადება, თუმცა საბოლოოდ გადამზადებული ქალები „ედენას“ გუნდის წევრები გახდნენ. პროექტში მონაწილეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად ისინი სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ, რომელიც მხარს უჭერდა მათ დასაქმებას და სტაჟირებას 3 თვით უნაზღაურებდა. სწავლების პროცესის მიღმა პროექტის მონაწილე ქალები ჩართული იყვნენ ისეთ აქტივობებში როგორიცაა:

  • უკრაინის მხარდამჭერი 1 მარტის აქცია – უკრაინის დროშის ფერებში დამზადებული რაჭული ქუდების გაყიდვა და თანხის გადარიცხვა უკრაინიდან დევნილი ოჯახისთვის;
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-თვიანი ტრენინგის საშუალებით კერვის საფუძვლების შესწავლა;
  • USAID Yes Georgia-ს მოტივაციის ასამაღლებელი ტრენინგები ბაზ-საქართველოს პროგრამის ფარგლებში;
  • უკრაინის ომის თემაზე კინოჩვენების მოწყობა და დისკუსია;
  • ამერიკაში ექსპორტზე გასატანი პირველი ნაკადის ნამუშევრების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • მონაწილეობა ფესტივალებში „როკვა“, „გემო-ფესტი“, ფესტივალი „ონელობა“, ტრადიციული რეწვის ფესტივალი, მეწარმე ქალთა გამოფენა, სოციალურ საწარმოთა B2B გამოფენა;
  • ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის უკრაინის მხარესთან ერთად მიმდინარე პროექტში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს ტურისტული შეთავაზების მომზადებას და დანერგვას სახელოსნოში, რაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარება/შენარჩუნებას ეფუძნება;
  • სოციალურ საწარმოთა მაღაზიაში „ესკიში“ გამოყოფილია „ედენას“ კუთხე;
  • TBC-ის დაჯილდოების პრიზად 2023 წელს „ედენა“ სრული შემადგენლობით მოივლის საქართველოს 6 ტურისტულ ქალაქს გამოფენებით „ეთნო-ტურნე 2023 ფარგლებში“;

ამ აქტივობებში, გარდა დასაქმებული ქალებისა, ერთჯერადად ჩართული იყვნენ სხვა ახალგაზრდა ქალებიც.

საერთო ჯამში, სხვადასხვა აქტივობებზე დაიხარჯა 50 000 ლარი.