ჭიტა

პროექტი დაიწყო 2022 წლის 1 ნოემბერს და დასრულდა 2022 წლის 25 დეკემბერს.

კომპანიის მთავარი მიზანია სათამაშო ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის და ეს არ იყოს ფუფუნების განსაკუთრებული საგანი. ამ მიზნისთვის უკვე 7 წელია „ჭიტა“ ატარებს საქველმოქმედო აქციებს, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არსებობს განვითარებისთვის აუცილებელ სათამაშოებზე წვდომის პრობლემა, ძირითადად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებში. ხშირად ბავშვებს საბავშვო ბაღებშიც კი არ მიუწვდებათ ხელი განვითარებისთვის აუცილებელ სათამაშოებზე. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი „იჩქარე სიკეთის კეთება“.

პროექტის მიზანია მისცეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების აღსაზრდელებს.

პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, დღის ცენტრები, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები, „ბერი ანდრიას ფონდის“ და „დიმიტრი ცინცაძის ფონდის“ ბენეფიციარები და დაუნის სინდრომის ასოციაცია „ბაბალეს“ ბენეფიციარები.

პროექტის მიმდინარეობისას „ჭიტას“ ქსელის ყველა მაღაზიაში განთავსებული იყო „სურვილების დაფები“, რომლებზეც წარმოდგენილი იყო იმ ბავშვების სურვილები, რომელთა გახარებაც იგეგმებოდა. ამ სურვილების ასრულებაში კომპანიის მაღაზიების მომხმარებელი იღებდა მონაწილეობას.

საბოლოოდ, შეგროვებული სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა 320 ოჯახის 1500-მდე ბავშვს.

2022 წელს სათამაშოები უკრაინიდან დევნილ ბავშვებსაც გადაეცათ.