ალტე უნივერსიტეტი

პროექტი „აბიტურიენტების კლუბი“ დაიწყო 2022 წლის 5 ნოემბერს და დღემდე მიმდინარეობს.

ეს არის ალტეს უნივერსიტეტის პროექტი, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს აბიტურიენტებს საქართველოს მასშტაბით  დატვირთული გრაფიკის პირობებში შეძლონ სოციალიზაცია, პროფესიის არჩევა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.

კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ უფროსკლასელს, რომელსაც სურვილი აქვს აბიტურიენტობის მეტ-ნაკლებად სტრესული პერიოდი უფრო საინტერესოდ გაატაროს, მიიღოს მონაწილეობა პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებში, სემინარებში, იმიტირებულ გამოცდებში, სტრესის მართვის ტრენინგებში, ინტელექტუალურ თამაშებში, შემეცნებით პროექტებში, საგანმანათლებლო კონკურსებსა და ბანაკებში. კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ უფროსკლასელს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, უფასოდ, ონლაინ ან ფიზიკურად დასწრებით.

კლუბი აქტიურად თანამშრომლობს ალტე უნივერსიტეტის თითოეულ სკოლასთან და სწორედ მათი და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი წამყვანი ორგანიზაციების მხარდაჭერით იგეგმება აქტივობები კლუბის წევრებისთვის. პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით ჩატარდა წინასწარი კვლევა რეგიონების დონეზე იმის გასარკვევად, ფუნქციონირებდა თუ არა ასეთი კლუბები.

პროექტს აქვს ფეისბუქჯგუფი, რომელში გაწევრიანებაც ავტომატურად ნიშნავს კლუბის წევრობას. კლუბში გაწევრიანებულია 2400-ზე მეტი მოსწავლე, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება რეგიონებსა და თბილისში. კლუბს 30-მდე „ამბასადორი“  ჰყავს, რომელთა მიზანიც საკუთარ წრეში ინფორმაციის გაზიარება და ამ გზით კლუბით სხვების დაინტერესებაა. პროექტის გუნდი 7 ადამიანისგან შედგება. მათი საქმიანობა წრიული ჯაჭვია, რომელიც მუდმივად აქტიურია და ყოველთვის ითვალისწინებს კონკრეტულ რეგიონში ან ონლაინ ფორმატის საინტერესო აქტივობებს. აქტივობები იგეგმება დაინტერესებული პირებისა და ე.წ. აზრის ლიდერების ჩართულობით. ეტაპობრივად განხორციელდა და კვლავ იმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა პრაქტიკოს და წარმატებულ ადამიანებთან, რომელთა მოსმენა და გამოცდილების გაზიარება ნამდვილად მნიშვნელოვანია აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის, მათთვის, ვინც ახლა ფიქრობენ საკუთარ მომავალ პროფესიაზე.

პროექტი მიმდინარეობს ალტე უნივერსიტეტის სკოლების: IT სკოლა, ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლების აქტიური ჩართულობით. კლუბი თანამშრომლობს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრთან. პროექტის დაწყებიდან დღემდე „აბიტურიენტების კლუბის“ წევრი გახდა 2400-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჩართული არიან ონლაინ თუ ფიზიკურ შეხვედრებსა და სხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში. აბიტურიენტების დაინტერესების მიზნით შეხვედრები ჩატარდა საქართველოს 6 დიდ ქალაქში. პროექტის პოპულარიზაციისთვის ასეთი შეხვედრები კვლავაც იგეგმება. პროექტმა რეალური ცვლილება მოიტანა, ერთი მხრივ, იმ აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ ასეთ შემეცნებით თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მეორე მხრივ, ისინი ამ რამდენიმე თვეში უკეთ გათვითცნობიერდნენ, რა გამოწვევების წინაშეც დგანან. დაგეგმილია კლუბის გაფართოება და მეტი აქტივობის დამატება.