ემბისი (MBC – მიკრობიზნესკაპიტალი)

კორპორაციული პასუხისმგებლობა სააქციო საზოგადოება „ემბისის“  სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში. მიმართულებების განსაზღვრა გარკვეული პერიოდულობით ხდება, დაინტერესებული მხარეების მოლოდინისა და სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2022 წლიდან კომპანია შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: პასუხისმგებლობა თანამშრომელთა მიმართ, პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მიმართ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და საზოგადოების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილი.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მხრივ კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ნარჩენების მართვა; ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით მოხმარება და ენერგოეფექტურობა; გარემოს დაბინძურების შემცირება და გარემოსდაცვითი ცნობიერება.

საოფისე ნარჩენების შემცირების მიზნით კომპანია თანამშრომლობს კომპანიასთან, რომლისგანაც იძენს მრავალჯერადი მოხმარების კარტრიჯებს, კომპიუტერებს ყიდის მეორად ბაზარზე.

ქაღალდის ნარჩენის შემცირების მიზნით 2022 წელს კომპანიამ დაიწყო მოხმარებული ქაღალდის დაშრედერება და გეგმავს თანამშრომლობას ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოსთან.

ენერგიის და წყლის მოხმარების შემცირების მიზნით კომპანიის ოფისებში ენერგოეფექტური ლედნათურების  და გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენება დაინერგა. გაიმართა კონკურსი „ყველაზე ეკომეგობრული სერვისცენტრი“.

კომპანია შეუერთდა CENN-ის კამპანიას „Keep Georgia Beautiful“, რომლის ფარგლებშიც უფლისციხეში რეგულარულად ასუფთავებს გარკვეულ ტერიტორიებს.

კომპანიის ავტოპარკის 80% დაკომპლექტებულია ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებებით.

კომპანია არ აფინანსებს ისეთ საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს ან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კულტურული ან არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ადგილებზე.

ნარჩენების მართვის არსებული მიდგომით კომპანიაში, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები. კომპანიაში ავტოსესხის პორტფელის 30% ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებზე მოდის.

კომპანიაში ადამიანური კაპიტალის მართვის სტრატეგია დაფუძნებულია ინკლუზიურ კულტურაზე. განსაკუთრებული ყურადღება შრომის უსაფრთხო პირობების და თანამშრომლებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას ეთმობა.

კომპანიაში დანერგილია ონლაინპლატფორმა „თანამშრომლის ხმა“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი შენიშვნის, უკმაყოფილების და გადაცდომის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

MBC ყველა თანამშრომელს, ძირითად სარგოსთან ერთად, სთავაზობს სამოტივაციო სქემებს, სახელფასო დანამატების ან ბონუსების გამომუშავების სახით, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას, კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ონლაინპლატფორმა „იდეების ჰაბის“ საშუალებით ნებისმიერ თანამშრომელს აქვს ახალი იდეებისა და რეკომენდაციების დაფიქსირების საშუალება.

MBC-ის თანამშრომელთა 61% ქალია, მათ შორის 50% მენეჯერულ პოზიციებზეა, ხოლო 60% – მენეჯმენტში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა გულისხმობს გამჭვირვალე, გონივრულ და ხარისხიან ფინანსურ მომსახურებას. მომხმარებელი ყოველთვის დროულად არის ინფორმირებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. MBC-ისთვის პასუხისმგებლობიანი მარკეტინგი და მომხმარებლებთან კომუნიკაცია კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის ნაწილია. მარკეტინგული კომუნიკაცია დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ ეთიკურ სტანდარტებზე და სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რეგულაციებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომპანიას დანერგილი აქვს საჩივრების/პრეტენზიების მიღებისა და განხილვის სისტემა. მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონული საშუალებითა (ელფოსტა, ვებგვერდი) თუ სატელეფონო ცენტრში დააფიქსიროს პრეტენზიები. მომხმარებელს 1 თვის ვადაში ეგზავნება განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია.

MBC-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია გამჭვირვალე, სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით როგორც ფიზიკური პირების, ასევე სავაჭრო-სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მიკრომეწარმეების ხელშეწყობა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

2020- 2021 წლებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია 56%-ით. ეს სურათი პანდემიის ეფექტის შემცირებასთან და კომპანიის მხრიდან მომსახურების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

ფინანსური განათლების მხარდაჭერის პროგრამა „ფინანსური მრჩეველი“ - MBC აქტიურად უწყობს ხელს ფინანსური განათლების დონის ამაღლებას მცირე მეწარმეებში, ფერმერებსა და ახალგაზრდებში.

პრობონო პროგრამა – MBC 2018 წლიდან საქართველოს პრობონო ქსელის წევრია და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულების სხვადასხვა პროექტში. MBC-ში პრობონო ინიციატივების დანერგვა საშუალებას იძლევა, ერთ მხრივ, ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერის და გაძლიერების, რომლებიც სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ და, მეორე მხრივ, კომპანიის მოხალისეობრივი ჩართულობით საზოგადოების კეთილდღეობის და თანამშრომლების უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

სოციალური საწარმოების მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. კომპანია გახდა პირველი გავლენის ფონდ „აქციოს“ მხარდამჭერი, რომლის მიზანია სოციალური საწარმოების გაძლიერება როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის თვალსაზრისით. ფონდში ინვესტირებით ემბისი იღებს გრძელვადიან პასუხისმგებლობას, რომ 5 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 5000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ახალგაზრდების მხარდაჭერა: სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ემბისიში გაიარონ სტაჟირება, რათა იქ შეძენილი გამოცდილებით და ინფორმაციით მიზიღოს გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის არჩევისას.

ქველმოქმედება: ხანდაზმულთა თავშესაფრების მხარდაჭერა; ემბისი სათნოების სახლ „კათარზისის“ მუდმივი პარტნიორია; მხარს უჭერს პროექტ „ჩართეს“.

ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა: 2022 წელს საახალწლო შესყიდვების 80%-მდე განხორციელდა იმ ბიზნესებიდან, რომელთა დამფუძნებელი და მფლობელი ქალია (სოციალური საწარმო „ჩირიგე“, „გემუანი“, bloomer.ge). ჯამში, 7000 ლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინეს.

დამატებითი აქტივობები:

  • გლობალური ფულის კვირეული – ემბისის თანამშრომლებმა 10 სკოლის 180-მდე მოსწავლეს გააცნეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფულის ისტორია, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობა.
  • ბლოგების კონკურსის მხარდაჭერა – საპრიზო თანხა 500 ლარი.
  • ინოვაციების ბანაკი – ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-18 წლის 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ემბისიმ გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა 1000 ლარის ოდენობის პრიზით.
  • ახალგაზრდების საერთაშორისო დღე – ემბისიმ ფულადი პრიზით – 1000 ლარით – დააჯილდოვა მესამე ადგილზე გასული გამარჯვებული.
  • დაზოგვის კვირეული – ემბისის თანამშრომლებმა საქართველოს 10-ზე მეტი სკოლის 250-მდე მოსწავლეს ფულის დაზოგვის თემატიკაზე ცნობიერების ასამაღლებლად სახალისო გაკვეთილები ჩაუტარეს.