პეპსიკო საქართველო/ვიმ-ბილ-დან საქართველო
საქართველოს შრომის ბაზარი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას ტექნიკური უნარებისა და განათლების მქონე კადრებზე, რაც ქვეყანაში საწარმოო ბიზნესის შემაფერხებელი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
2022 წელს „პეპსიკო საქართველომ“ წამოიწყო „ფუნქციონალური სკოლების“ სამწლიანი პროექტი, რომლის მიზანია კომპანიაში რძის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების გაფართოება.
ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს „მიკრობიოლოგების სკოლა“, „ლაბორატორიის ტექნიკოსთა სკოლა“ და „სერვისინჟინრების სკოლა“; გეგმის მიხედვით, 2023 წელს ამუშავდება აგრეთვე „ტექნოლოგების სკოლა“ და „ელექტრიკოსების სკოლა“.
სკოლებში გადამზადდებიან როგორც ახლად აყვანილი თანამშრომლები, ისე ადრე დასაქმებული პერსონალიც. ახალ თანამშრომლებს კომპანიის შიდა ექსპერტები და ტრენერები დაეხმარებიან დარგის შესაბამისი თეორიული ცოდნის შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში, ხოლო არსებული თანამშრომლებისთვის ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა აიმაღლონ ან შეიცვალონ კვალიფიკაცია, გაიუმჯობესონ შედეგები, შესაბამისად, იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე.