ნექსია თიეი

ბოლო წლებში „ნექსია თიეი“ მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რის გამოც კომპანიაში გაიზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე. 

კომპანიის პოლიტიკის ნაწილია თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა და ვაკანსიის შემთხვევაში, პირველ რიგში, მათი როტაციის ან დაწინაურების განხილვა. ვინაიდან კომპანიის 250 თანამშრომლიდან 100-ზე მეტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტშია დასაქმებული, ამ დეპარტამენტში განსაკუთრებით დიდია როტაციის/დაწინაურების მოთხოვნა. 

ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია 2021 წლიდან ახორციელებს სწავლებისა და გადამზადების პროექტს, რომელიც ორ პროგრამას მოიცავს. პირველი პროგრამის ფარგლებში ხდება მსურველთა სტაჟირებაზე აყვანა, გადამზადება და შემდგომ დასაქმება დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე. მეორე პროგრამის მიზანი ბუღალტრების და დამხმარე ბუღალტრების გადამზადებაა, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ დაწინაურდნენ, შესაბამისად, მთავარი ბუღალტრის და ბუღალტრის პოზიციებზე. პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სხვადასხვა მიმართულებების მენეჯერები, ასე რომ, თეორიული ცოდნის მიღების გარდა, მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ და მენეჯერებთან ერთად გააანალიზონ შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებიც. 

პროექტი ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კომპანიაში ახალი კვალიფიციური კადრების დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული თანამშრომლების განვითარებას და კარიერულ წინსვლას. 2022 წელს გადამზადდა 14 ადამიანი, აქედან 7 დაწინაურდა. განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობის გამო პროექტმა დადებითად იმოქმედა ყველა თანამშრომლის მოტივაციაზე. 

სამომავლოდ იგეგმება პროექტში მეტი რესურსის ჩადება და სასწავლო მოდულების პერიოდული განახლება.