გრიდ ქონსთრაქშენი

ქვეყანაში პროფესიონალური კადრების დეფიციტის გამო „გრიდ ქონსთრაქშენმა“ მიიღო გადაწყვეტილება თავად გაზარდოს კვალიფიციური სპეციალისტები და სამშენებლო სექტორით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს სწავლის, განვითარების და სტაბილური დასაქმების შესაძლებლობა. 

საწყის ეტაპზე კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს უნივერსიტეტებთან და შემდგომ თავად სტუდენტებთანაც; დაინტერესებული ახალგაზრდების შერჩევის შემდეგ კომპანია მათ 6-თვიან ხელშეკრულებას უფორმებს და უნივერსიტეტის სალექციო განრიგზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, რაც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის „გრიდ ქონსთრაქშენში“ მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცებას უწყობს ხელს. 6 თვის მანძილზე ახალგაზრდები ეცნობიან კომპანიის საქმიანობას და ძირითად პროცესებს – მშენებლობას, პროექტირებას, შესყიდვებს, საწყობის მართვას და ა.შ. ამ პერიოდში ისინი გარკვეულ მზარდ ანაზღაურებასაც იღებენ. 6-თვიანი სწავლების დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ახალგაზრდები აგრძელებენ კომპანიაში შესაბამის პოზიციაზე მუშაობას. 

2022 წლის აპრილიდან დღემდე კომპანიამ გაზარდა და დაასაქმა 7 სტუდენტი. 

სტუ სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 19 წლის საბა, 2022 წლის ივნისიდან „გრიდ ქონსთრაქშენის“ გუნდის წევრია. ექვსთვიანი სწავლების შემდეგ, საბამ ავტოპარკის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა და წარმატებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს; კიდევ 2 ახალგაზრდა დასაქმებულია პროექტის უმცროსი მენეჯერის და ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციებზე, ხოლო 4 სტუდენტი სწავლის პროცესშია. 

„გრიდ ქონსთრაქშენში“ სჯერათ, რომ ახალგაზრდების განვითარებაში ჩადებული რესურსები კომპანიის ზრდისა და ახალი მწვერვალების დაპყრობის საწინდარია.