უნივერს ბიზნეს გრუპ

„უნივერს ბიზნეს გრუპს“ საქართველოს ბაზარზე შემოაქვს სამშენებლო ტექნიკა და თავის მომხმარებლებს თავადვე უტარებს აუცილებელ საწყის ტექნიკურ ტრენინგს.  გამოცდილებამ აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ტექნიკური პერსონალის პერიოდულ გადამზადებას. შესაბამისად, სამიზნე სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების და მათთვის  მოდერნიზებული ტექნიკის ექსპლუატაციის მეთოდოლოგიისა და სამუშაო პროცესის უსაფრთხოების ნორმების გაცნობის მიზნით, კომპანიამ 2017 წლიდან სპეციალური უფასო მასტერკლასების პრაქტიკა დანერგა. 

კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალური მორგების მიზნით კომპანიის სპეციალისტები  ზედამხედველობას უწევენ სამუშაოებს ადგილებზე, სამშენებლო მოედნებსა და საამქროებში და აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გეგმავენ და ატარებენ პერსონალისთვის შესაბამის მასტერკლასებს. მაგალითისთვის, 2022 წელს უამრავი მასტერკლასი ჩატარდა არმატურის დასამუშავებელი დანადგარების ექსპლუატაციის წესებზე; მასტერკლასები ტარდებოდა როგორც უშუალოდ ობიექტებზე, ისე დისტანციურად და კომპანიის სერვისცენტრებში. 

მასტერკლასების პროექტის შედეგად, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს კომპანიაში 30%-ით შემცირდა დანადგარების შეკეთებასთან დაკავშირებული მომართვების რიცხვი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტექნიკური პერსონალი გახდა უფრო კვალიფიციური და დანადგარების ექსპლუატაცია წესების დაცვით მიმდინარეობს. გაიზარდა თავად მოთხოვნაც კომპანიის დანადგარებზე. 

პროექტი დღემდე წარმატებულად მიმდინარეობს; მეტიც – ის საქართველოს ფარგლებს გასცდა და ანალოგიური მასტერკლასები საზღვარგარეთაც ჩატარდა. მომავალში, პროექტის განვითარების მიზნით, კომპანია გეგმავს ითანამშრომლოს პროფესიულ სასწავლებლებთან და აქტიურად ჩაერთოს მომავალი სპეციალისტების მომზადება/გადამზადებაში.