ირაო

2021 წლიდან კომპანიამ დაიწყო პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ქცევის შეცვლა და ცნობიერების ამაღლება, პირველ რიგში, კომპანიის თანამშრომლებში, შემდეგ კი – თანამშრომლების დახმარებით მიღებული ცოდნის მომავალი თაობისთვის გაზიარება. 

პროექტის მიმდინარეობის 2 წლის განმავლობაში ტრენინგების მეშვეობით გაიზარდა 300-მდე თანამშრომლისა და 500-მდე სკოლის მოსწავლის გარემოსდაცვითი ცნობიერება. ტრენინგებზე მიღებული ცოდნით „ირაოს“ თანამშრომლები თავადვე გახდნენ ტრენერები და ინფორმაცია გაუზიარეს სკოლის მოსწავლეებს. 

მიღებული ცოდნით კომპანიის თანამშრომლები უფრო ეკომეგობრულები გახდნენ და ოფისშიც მწვანე პოლიტიკა დამკვიდრდა. თანამშრომლებს დაურიგდათ მრავალჯერადი ბოთლები და ნაჭრის ჩანთები, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ოფისში პლასტმასის გამოყენება. „მწვანე ყუთების“ განთავსებით თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ დაახარისხონ ნარჩენები, რომელიც შემდეგ გადამუშავდება. 

შიდა პოლიტიკის ცვლილებით „ირაო“ პოლიეთილენის პარკების გამოყენებას წელიწადში 33 120 ცალით  შეამცირებს. თვალსაჩინოებისთვის, პარკების ეს რაოდენობა ზომით თბილისის დინამოს სტადიონის ფართობზე მეტია. 

ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად კი აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონულ დოკუმენტებზე გადასვლა, რაც მათ წლიურად დაახლოებით 50 000-მდე პოლისის ბეჭდვას აარიდებს თავიდან. 

სადაზღვევო კომპანია „ირაო“, შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის ცვლილებით, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და ამით კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მისცემს მაგალითს, რომ გარემოსადმი უფრო მეგობრულები გახდნენ.