Qwerty

საქართველოში 70,000-ზე მეტი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ვერ იღებს განათლებას, ვერ ესწრება სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებს. ასეთი ოჯახების დახმარების ინიციატივები მეტწილად სპონტანური, არათანმიმდევრული და არარეგულარულია. 

Supergmiri.ge არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ქველმოქმედების გრძელვადიან და გამჭვირვალე მოდელს გვთავაზობს. საქართველოს მასშტაბით, სუპერგმირის გუნდის წევრები აგროვებენ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ისტორიებს, არკვევენ მათ საჭიროებებს, ინტერესებს, შემდეგ აქვეყნებენ თითოეული ბავშვის პროფილს პლატფორმაზე და ეძებენ მისთვის დონორს – სუპერგმირს, რომელიც გაუწევს მას ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარი იღებს გზავნილს, სადაც მოთავსებულია მისი ასაკის, ინტერესების, სურვილების შესაბამისი ნივთები, პროდუქტები და მომსახურების ვაუჩერები. პროექტის გუნდი მუშაობს საკომისიოს გარეშე, შემოსული შემოწირულების 100% ბენეფიციარებს ხმარდება. 

სუპერგმირის უმთავრესი გამოწვევაა  გრძელვადიანი ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროება, რასაც პლატფორმის რთული ფუნქციონალი მოითხოვს. სწორედ ამ მხარდაჭერის მიზნით QWERTY-ს გუნდმა გადაწყვიტა გამხდარიყო პროექტის პარტნიორი. კომპანიის დეველოპერებმა შექმნეს მძლავრი ავტომატიზებული პლატფორმა, რომლის მართვასაც მინიმალური ადამიანური რესურსი სჭირდება, რაც არსებითია სამი ადამიანისგან შემდგარი სუპერგმირის გუნდისთვის. გაუმჯობესებული ფუნქციონალის მეშვეობით დონორებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ხარჯებს, ამანათებს, გაუგზავნონ წერილები და დამატებითი საჩუქრები ბენეფიციარებს და ა.შ. 

2022 წლის ბოლოს პლატფორმაზე 450 ბენეფიციარი და 330-ზე მეტი სუპერგმირი იყო რეგისტრირებული; შეგროვდა 900,000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა. პლატფორმის ახალმა ფუნქციურმა შესაძლებლობებმა დონორების კმაყოფილების ხარისხიც გაზარდა. ამჟამად მიმდინარეობს პლატფორმის ინგლისური ვერსიის შექმნა, რაც შესაძლებელს გახდის უცხოელი დონორების მოზიდვასაც.