ორიფლეიმ საქართველო

2021 წლის ნოემბერში ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლების მსოფლიო პროექტის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებელს გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. კონკურსის მოთხოვნით, მოსწავლეებს ევალებოდათ საკუთარი სკოლის ეზოს დასუფთავება და გამწვანება, რაც მოიცავდა მცენარეების დარგვისა და მოვლის თავისებურებების შესწავლასაც, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

„ორიფლეიმ საქართველო“  ამ პროექტს კონკურსის საკომუნიკაციო კამპანიის და ნამუშევართა შეფასების ნაწილში შეუერთდა – „ორიფლეიმმა“ საქართველოს მასშტაბით 6 გამარჯვებული სკოლა მთავარი პრიზით დააჯილდოვა – სკოლებში მოაწყო შემეცნებითი კუთხე, საჩუქრად გადასცა შესაბამისი ლიტერატურა და ეკოლოგიური მასალისგან დამზადებული ავეჯი. 

პროექტი 2022 წლის ივნისამდე გაგრძელდა და საკმაოდ მასშტაბური სოციალური გავლენა იქონია, რადგან 152 სკოლის მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში – გაიარეს ექსპერტებთან კონსულტაციები, წაიკითხეს ლიტერატურა, შეისწავლეს მცენარეთა სახეობები, დარგეს ხეები, გამართეს და სამომავლოდ დაგეგმეს სხვადასხვა ეკოღონისძიება. პროექტში მონაწილეობის შედეგად ორიფლეიმის თანამშრომლებმაც შეიძინეს სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ; პროექტმა დადებითად იმოქმედა კომპანიის რეპუტაციაზეც, რადგან საზოგადოებამ იგი სრულიად ახალი მხრიდან გააცნო. 

მომავალ წელს ანალოგიურ კონკურსში მონაწილეობის სურვილი უკვე ბევრმა სკოლამ გამოთქვა.