თეგეტა ჰოლდინგი

ზამთრის ცივ დღეებში გასათბობად კატები ავტომობილის საბურავებს და ძრავს აფარებენ თავს და ამას საქართველოში ყოველწლიურად ასამდე კატა ეწირება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთობლივი პროექტი „კატებზე ზრუნვის ზამთარი“, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე მიმდინარეობდა. 

პროექტი, ერთი მხრივ, მოიცავდა ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მოუწოდებდა საზოგადოებას ეზრუნა კატებზე და შეემოწმებინა მანქანები დაძვრის წინ, ხოლო მეორე მხრივ – უსახლკარო კატების სტერილიზაციას და მათთვის საცხოვრებლისა და ზრუნვის წერტილების მოწყობას. 

პროექტის ფარგლებში სტერილიზაცია ჩაუტარდა 300-მდე კატას თბილისში, მარნეულში, ბოლნისში, ქუთაისსა და გორში; თბილისის მასშტაბით, იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი კატა იყრის თავს, უსახლკაროებისთვის 20-მდე სახლი დაიდგა. 

კამპანიის შედეგად „თეგეტაში“ მოიმატა მომხმარებლების რაოდენობამ, რომლებმაც ეს კომპანია სწორედ მისი სოციალური პასუხისმგებლობის გამო აირჩიეს; Animal Project-ს მალევე გამოეხმაურნენ სხვა ბიზნესკომპანიები, რომლებსაც სურდათ ცხოველების დასაცავად მიმართულ აქტივობებში ჩართვა.

„თეგეტამ“ გააგრძელა თანამშრომლობა Animal Project-თან ძაღლების გაჩუქების აქციის ფარგლებში და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე ოთხფეხა მეგობრებისთვის სახლები დადგა. „თეგეტა“ ასევე დაუმეგობრდა ცხოველების დამცველ ორგანიზაციას „Peteasy”, რომელიც „თეგეტას“ საქველმოქმედო პლატფორმის „tegeta.care“-ის ერთ-ერთი ბენეფიციარია; „თეგეტას“ ჩართულობით Peteasy-ისთვის შეიქმნა საიმიჯო ვიდეორგოლი და ჩატარდა კატების გაჩუქების ღონისძიება.