ეფეს საქართველო

2011 წელს კომპანია „ეფეს საქართველომ“ დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო“ პარტნიორობით. 

ფონდის სამუშაო პრიორიტეტები განათლებასა და დასაქმებასთან ერთად არის ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც; ყურადღება ეთმობა ახალგაზრდების  ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და  პროფესიასთან დაკავშირებით მათთვის კონსულტაციების გაწევას. ფონდის დახმარების სახეები მრავალფეროვანია: საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, პროფესიული ან უმაღლესი განათლების დაფინანსება, სახელმძღვანელოებისა და სამუშაო ხელსაწყოების შესყიდვა, მკურნალობისა და მედიკამენტების დაფინანსება, სამგზავრო, კომუნალური ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფარვა და სხვა. ფონდის რესურსები თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ნაწილდება. 

2011 წლიდან დღემდე ფონდი 1,042,593 ლარით 660-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში. ბენეფიციარების 90% უკვე დასაქმებულია, 60%-ზე მეტს სტაბილური სამუშაო აქვს. 340 ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება, ხოლო 72-მა – უმაღლესი. 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება შესაბამის ოსტატებთან. ფსიქოლოგის ინდივიდუალური კონსულტაციები გაეწია 660 ბენეფიციარს.

ფონდ „ნატახტრის“ პროექტი ადვოკატირების კამპანიასაც მოიცავს, რის შედეგადაც თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის პროგრამებში შეიტანა მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების დახმარება. მაგალითად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან თბილისში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ტოვებენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის დახმარება ერიცხებათ.