სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი“

„ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ პანდემიის პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანი გახდა თანამშრომლების მხარდაჭერა და უსაფრთხოება. ამისათვის კომპანიამ დაგეგმა და განახორციელა პროექტი „წინ, ახალი რეალობისკენ!“, რომლის უპირველესი ამოცანა იყო შეენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი და ყველა მათგანი მოემზადებინა ახალ სამუშაო რეჟიმზე გადასასვლელად. 

პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის მარტში და დღესაც მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა Covid-19-ის საორგანიზაციო ჯგუფი. ოფისები აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების პოსტერებით. საორგანიზაციო ჯგუფმა უმოკლეს დროში ყველა თანამშრომელი სახლებში აღჭურვა შესაბამისი საჭირო ტექნიკით, IT დეპარტამენტმა კი უზრუნველყო ყველა მათგანის ერთიან შიდა სისტემაში ჩართვა. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამდე გაიწერა შიდა კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა ყოველდღიურ ონლაინაქტივობებს თანამშრომლებისთვის, რათა შენარჩუნებულიყო გუნდურობა, ყოველდღიურ რეჟიმში მომხდარიყო საჭიროებების შესახებ საუბარი, ერთმანეთის გამხნევება და მოტივაციის ამაღლება.

თანამშრომელთა 70%-ზე მეტის სახლიდან მუშაობამ მენეჯმენტს დაანახა ამ გამოწვევის შესაძლებლობა და კომპანია მუშაობის ახლებურ სტილზე - ე.წ. ჰიბრიდული მართვის მოდელზე - დააფიქრა, სადაც თანამშრომელთა 70%-ზე მეტი მუდმივად სახლიდან იმუშავებს.

აქტიური ნაბიჯების გადადგმის შედეგად, პირველი ტალღის დროს ჰოლდინგის არცერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა.  მეორე ტალღის პირობებშიც არცერთი მათგანი არ დაინფიცირებულა სამსახურთან დაკავშირებული მიზეზით. 743-ვე თანამშრომელმა შეინარჩუნა სამსახური, კუთვნილი ხელფასი და ბონუსი. შეიქმნა სამუშაო ადგილები და 60-მდე ადამიანი დასაქმდა.

გამოწვევებით სავსე პერიოდში კომპანიამ მიაღწია მიზანს და დაგეგმილი აქტივობების ფონზე  კომპანიის მიმართ თანამშრომელთა ლოიალობა გაიზარდა.