სს "საქართველოს ბანკი“
„საქართველოს ბანკმა“ პანდემიის პირობებში განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო ახალი ონლაინსისტემის დანერგვა, თანამშრომლებში ერთიანობის, გუნდურობის შეგრძნების შენარჩუნება და თანამშრომლების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
2020 წლის მარტში „საქართველოს ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლების დიდი ნაწილი გადაეყვანა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
იმისთვის, რომ მუშაობა მოსახერხებელი ყოფილიყო, ბანკმა აქტიურად დაიწყო შიდა საკომუნიკაციო პლატფორმა „ვორკფლეისის“ გამოყენება, რომელიც კარგი საშუალებაა ინფორმაციის გასაზიარებლად, სამუშაო პროცესის სამართავად და აქტიური გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობების განსახორციელებლად.
პანდემიის პერიოდში 3000-ზე მეტი თანამშრომელი აქტიური რეჟიმში იყენებს „ვორკფლეისს“, თვალს ადევნებს ლაივჩართვებს, სვამს კითხვებს და იღებს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს.
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მენეჯმენტის აქტიური ონლაინკომუნიკაცია თანამშრომლებთან. აღსანიშნავია, რომ შიდა კვლევის თანახმად, სწორედ ამ პერიოდში 12%-ით გაიზარდა კომპანიის მიმართ თანამშრომლების ლოიალობა.