კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური "ეიპიემ ტერმინალს ფოთი“
ფოთის საზღვაო ნავსადგურის „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მთავრი გამოწვევა პანდემიის პერიოდში იყო ნავსადგურის სტაბილური ოპერირებისა და მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირების შენარჩუნება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლების უსაფრთხოება და მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა. კომპანიამ პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 24 თებერვალს და დღესაც მიმდინარეობს.
კომპანიამ COVID-19-ის ადრეული პერიოდიდანვე დაიწყო აქტიური მუშაობა ოპერაციების უწყვეტობის გეგმაზე და თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე, რისთვისაც ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ:
ოპერაციებისთვის მნიშვნელოვანი თანამშრომლების იზოლირება სპეციალურად დაქირავებულ ადგილობრივ სასტუმროში და საჭიროებისამებრ მათი ჩართვა ოპერაციებში, რათა არ შეფერხებულიყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების ტრანსპორტირება.
ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდანვე კომპანიაში მოხდა კომპანიის თანამშრომლების, ვიზიტორებისა და მომხმარებლებისთვის ფიზიკური თუ საკომუნიკაციო რესურსების მობილიზება, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
COVID-დადებითი თანამშრომლების შემთხვევაში, სავალდებულო იზოლაციის გარდა, კომპანიის შიდა რეგულაციით, დამატებითი 8 საიზოლაციო დღე ამოქმედდა.
ამ ღონისძიებების შედეგად: ნავსადგურს არც ერთი დღე არ შეუჩერებია მუშაობა და ქვეყანას უწყვეტად აწვდიდა ყოველდღიურად საჭირო პროდუქტებს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩატარებული ტესტირებებითა და იზოლაციის მასშტაბებით კომპანიამ თავიდან აიცილა ვირუსის გავრცელება, რაც მნიშვნელოვანი იყო ნავსადგურის პერსონალისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
პროექტის ფარგლებში კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორებთან - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტსა და შპს „ჯეომედსერვისთან“.