შპს “კი კი”
კომპანიამ „კი კი“ მაღალმთიანი სოფლების სკოლებში განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში არსებული პრობლემის მოგვარება. ამ სკოლებს არ გააჩნიათ საკანალიზაციო სისტემა და მოსწავლეებს უწევდათ მოუწესრიგებელი საპირფარეშოებით სარგებლობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პირობებში გახდა, როცა ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ვირუსისგან თავის დასაცავად. კომპანია „კი კის“, რომლის საქმიანობა ბიოტუალეტებს უკავშირდება, ახალი 2020-2021 სასწავლო წლისთვის დახმარების თხოვნით მიმართა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციამ.
პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დასრულდა დეკემბერში.
პრობლემის არსში გარკვევის შემდეგ კომპანიამ, სკოლის ადმინისტრაციებთან თანამშრომლობით და სტანდარტების დაცვით, სკოლებს ბიოტუალეტები მიაწოდა და დამატებითი მომსახურებაც გაუწია, კერძოდ, თავად უზრუნველყო ტუალეტების დამონტაჟება და შემდგომ ყოველკვირეული მომსახურება (ამოტუმბვა, ბიოქიმია, დასუფთავება, ტუალეტის ქაღალდი და დეზინფექცია), რის გარეშეც პროექტი არ იქნებოდა შედეგიანი.
პროექტი საქართველოს მასშტაბით 45 სკოლაში განხორციელდა და ამ სკოლების მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის პერიოდში მოწესრიგებული და სუფთა საპირფარეშოებით ისარგებლეს. ამგვარი ტუალეტები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ტერიტორიაზე, სადაც, რელიეფიდან გამომდინარე, რთულია საკანალიზაციო სისტემის გამართვა, ამასთან, ბიოტუალეტი, გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც, ეკოლოგიურ ზიანს მინიმუმამდე ამცირებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებმა შეძლეს პანდემიის პერიოდში არსებული არასახარბიელო პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უკეთესი, ადაპტირებული გარემოს შექმნა.