თიბისი ბანკი
პროექტი „თიბისი ბიზნესისთვის“ ხორციელდება 2015 წლიდან და ემსახურება საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით: განათლება, კონსულტაცია, წახალისება და ცნობადობის გაზრდა, „ნეტვორკინგი“. პროგრამა მოიცავს რამდენიმე მსხვილ ინიციატივას. ერთ-ერთია ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება, რომელიც 2018 წელს უკვე მესამედ ტარდება. დაჯილდოების მიზანია ორიგინალური და ინოვაციური იდეების წახალისება, ბიზნესმენებისთვის საქმიანი ურთიერთობის პლატფორმის შექმნა, გამორჩეული ბიზნესის საზოგადოებისთვის გაცნობა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი tbcbusiness.ge. ეს არის საგანმანათლებლო რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, მათი თანამშრომლებისა და, ზოგადად, საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული წარმომადგენლისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს “თიბისი ბანკი” სთავაზობთ 18 სახეობის ბიზნესტრენინგს, ინდივიდუალური კონსულტაციის პლატფორმას, რეგიონულ აგრო- და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობას. „თიბისი ბანკი“ პროექტს „აზიის განვითარების ბანკთან“ და ევროპულ ფონდ EFSE-თან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეების რაოდენობა 2 წელიწადში გაორმაგდა და 523-დან 1,000-ს გადააჭარბა.
ტრენინგები გაიარა 4,572-მა ადამიანმა, ჩატარდა 50 კონსულტაცია; სტარტაპის მასტერკლასებს დაესწრო 160 ადამიანი; 230 ადამიანი დაესწრო აგროფორუმებს საქართველოს 6 ქალაქში; ბათუმში ბიზნესფორუმს დაესწრო 250 ადამიანი.