ქრაუნ პლაზა ბორჯომი

კომპანიის მთავარი მიზანი იყო და არის გუნდის წევრების კეთილდღეობაზე, ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, კორპორაციული ეთიკის განვითარება და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსის მოპოვება. კომპანიის მფლობელობაშია სამი სასტუმრო – ბორჯომში, წყალტუბოსა და თბილისში, რომლებშიც ჯამურად 300 ადამიანია დასაქმებული. 

ადამიანურ რესურსებთან მიმართებით არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში, გუნდის წევრებთან საუბრისას, ისევე, როგორც კმაყოფილების ანონიმური კვლევის შედეგად, დასახელდა მრავალი პრობლემა, რომელთა აღმოფხვრაზეც კომპანიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა 2023 წლის ოქტომბრიდან და ამ მიზნით მთელი რიგი აქტივობები განახორციელა. 

თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვის ფარგლებში მუდმივად იმართება პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა ტრენინგი. შესრულებული სამუშაოს შეფასების და კარიერული წინსვლის დაგეგმვის მიზნით წელიწადში ორჯერ თანამშრომლებს დიალოგი აქვთ მათ უშუალო მენეჯერებთან. 

კომპანიაში დაინერგა ადამიანური რესურსების მართვის ციფრული სისტემა, რომელიც უმარტივებს თანამშრომლებს მათი სამუშაო საათების მონიტორინგს და ისეთი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას, როგორიცაა შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაო, მივლინება და სხვა. 

კომპანიაში შემოღებულია ე.წ. „დაფასების კალენდარი“, რომელშიც ყოველ თვე ერთი რომელიმე დეპარტამენტის თანამშრომლების წარმოჩენას და წახალისებას ეთმობა. კომპანიაში ყოველთვიურად ხდება საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება. ყოველწლიურად აღინიშნება დალაგებისა და დასუფთავების საერთაშორისო კვირეული.   

კომპანიის მიღწევების და სამომავლო გეგმების გაზიარების მიზნით სამ თვეში ერთხელ ეწყობა საინფორმაციო შეხვედრები. კაფეტერიაში დაიდგა სპეციალური ყუთი იდეების და რჩევების შესაგროვებლად. 

პერიოდულად ტარდება თანამშრომლების ანონიმური ონლაინგამოკითხვა, სადაც ისინი აფასებენ სამუშაო გარემოს, შეღავათებს, ანაზღაურებას, განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით დეპარტამენტები შესაბამის სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ. 

თანამშრომლებისთვის მოქმედებს მოქნილი სამუშაო გრაფიკი, 6-თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, საჩუქრები დაოჯახებისას, მამობის შვებულება. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს და ნერგავს პრაქტიკაში ქალთა გაძლიერების პრინციპებს – სამივე სასტუმროში გენერალური მენეჯერის პოზიციებს ქალები იკავებენ.